ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხისა და ინგირის პირველი საჯარო სკოლები დღეიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლა სწავლის პროცესს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, ხოლო რუხისა და ინგირის პირველი საჯარო სკოლები დღეიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ზუგდიდში 14 მოსწავლეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.

 

ინფიცირებული მოზარდებიდან ერთი რუხის სკოლის, ხოლო სამი ინგირის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. რაც შეეხებათ დანარჩენ კოვიდინფიცირებულებს, ისინი ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა სკოლაში სწავლობენ. ქალაქ ზუგიდიდში მდებარე საჯარო სკოლებში, 14 სექტემბრიდან დღემდე დისტანციური სწავლება მიმდინარეობს.

თოთხმეტივე მოსწავლეს COVID-19 რეპეტიტორისგან გადაედო, რომელთანაც უნარებზე სამეცადინოდ დადიოდნენ. თავად რეპეტიტორი ზუგდიდის „ოქროს ბირჟის“ კოვიდინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტია.

რადგან მოსწავლეებს მეცადინეობის პროცესში შემხებლობა ჰქონდათ დიდინეძის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, იყო მსჯელობა აღნიშნული სკოლაც დისტანციურ რეჟიმზე გადასულიყო, თუმცა მოსწავლეები პასუხი ყველა უარყოფითია, რის გამოც დიდინეძის სკოლა ჩვეული რეჟიმით განაგრძობს სწავლებას.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 33 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”