ალიევის განცხადებები ისეთი ანტირუსული ისტერიის მატარებელია, რომ უკრაინასაც შეშურდება

რთული ვითარებაა დიდ საერთაშორისო ცხოვრებაში, რომელსაც პატარებიც უერთებენ თავიანთ ხმას — ხშირად ნეგატიურს, დაუფიქრებელს. ასეთთა რაოდენობა არცთუ მცირეა, სამწუხაროდ, ორი, ჩვენი მეზობელია — სომხეთი და აზერბაიჯანი — გუშინდელი საბჭოთა რესპუბლიკები, დღევანდელი ე.წ. დამოუკიდებელი ქვეყნები, რომლებსაც, ისე, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობა ბრძოლით კი არა მოუპოვებიათ, არამედ — კრემლის ნებით.

იმ „საშინელმა“ კრემლმა უბოძა ყველა საბჭოთა რესპუბლიკას სუვერენიტეტი. 34-წლიანი დამოუკიდებლად ცხოვრების ჟამს ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აზერბაიჯან-სომხეთი ისეთივე უმადურები იქნებოდნენ რუსეთისა, როგორც საქართველო.

არაერთხელ აღმინიშნავს ჩემს სტატიებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბალანსირებული, მოზომილი პოლიტიკის თაობაზე რუსეთთან მიმართებაში და კარგ მაგალითად ვუყენებდი ჩვენს ხელისუფლებას.

შევცდი! და შევცდი ისე, როგორც ფინეთის რუსეთთან კონსტრუქციული, მეგობრული ურთიერთობების მუდმივობაში.

დასავლეთმა, თანმიმდევრულად, ანტირუსულად მომუშავემ, ძალა არ დაიშურა სომხეთ-აზერბაიჯანის ანტირუსად მოსაქცევად. როგორც ჩანს, აღნიშნულს თავისდაუნებურად ხელი შეაშველა რუსული დიპლომატიის არხეინობამ. მოსკოვმა ჩათვალა, რომ ისტორიული და ეკონომიკური მჭიდრო ურთიერთობებიდან, ისე, როგორც პოლიტიკურიდან გამომდინარე, ისინი არცკი იფიქრებდნენ სხვისკენ გახედვას.

ფინეთმა, რომელმაც რუსული ბაზრის, ენერგორესურსების წყალობით უდიდეს ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს მიაღწია, სწრაფად დაიწყო დასავლეთისკენ მოძრაობა — ევროკავშირში და ნატოში გაწევრებით. დღევანდელი ფინეთი ისეთივე ანტირუსულია, როგორც ნატოს  დანარჩენი წევრები. აღარავის ახსოვს გუშინდელი მჭიდრო, მეგობრული კავშირები რუსეთთან, ტურისტული ვიზიტები ამ ორს შორის. ფინეთი, რუსეთთან საზღვარზე ისეთი უსაფრთხოების ზოლს ქმნის, სსრკ-ფინეთის ომის პერიოდს რომ ჰგავს.

ძნელი გამოსაცნობია, რამ გამოიწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ფერიცვალება. ალიევების ოჯახი მჭიდროდ იყო დაკავშირებული საბჭოურ სისტემასთან. გეიდარ ალიევი — სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯომარის პირველი მოადგილე და სსრკ კპ ცკ-ს პოლიტბიუროს წევრი იყო. მას, გორბაჩოვთან და გრომიკოსთან ერთად სსრკ-ს პირველ პირადაც მიიჩნევდნენ.

ილჰამ ალიევმა დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, რის შემდეგ დაინიშნა იმავე უნივერსიტეტის პრორექტორად.

ალიევების ოჯახის კავშირი რუსეთთან იმდენად სიღრმისეულია, რომ მისი ესოდენ ფუქსავატურად წაშლა წარმოუდგენელია, მაგრამ, რომ იტყვიან გესლიანმა დასავლურმა პროპაგანდამ, თურქულმა გავლენამ მიზანს მიაღწია.

ალიევის განცხადებები ისეთი ანტირუსული ისტერიის მატარებელია, რომ უკრაინასაც შეშურდება. შუშის მედიაფორუმზე ილჰამ ალიევმა თავს უფლება მისცა მკაცრი ანტირუსული განცხადებების გაკეთების. მან მოუწოდა უკრაინელებს — არასდროს შეეგუონ ოკუპაციას.

გერმანული „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ წერს — აზერბაიჯანი, რომელსაც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები გააჩნია, მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდა რუსეთთან ბალანსირებულ პოლიტიკას, მაგრამ სომხეთზე გამარჯვების შემდეგ, 2020 წლის ყარაბაღის ომში, რომელშიც 4000-ზე მეტი სომეხი დაიღუპა, ალიევი აღარ თვლის რუსეთს, როგორც მთავარ მოქმედს და არბიტრს სამხრეთ კავკასიაში.

აზერბაიჯანს აქვს ნავთობისა და გაზის მარაგი. მას სამხედრო საქმეში მხარს უჭერს თურქეთი, რამაც გაათამამა ალიევი. აზერბაიჯანის პრეზიდენტს სურს, გახდეს რეგიონის ჰეგემონი. ამბიციური სურვილების დასაკმაყოფილებლად რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა მიუღებელი გამოდგა ალიევისთვის, მაგრამ რაღაც ისეთი იყო საჭირო, ალიევს რომ საბაბს მისცემდა რუსეთისთვის ზურგის შესაქცევად. და ასეთს ჰქონდა ადგილი, როდესაც რუსეთმა, უკრაინულ დრონებთან ბრძოლაში, გროზნოს თავზე შემთხვევით დააზიანეს აზერბაიჯანის თვითმფრინავი — დაზიანებული ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და იმსხვერპლა — როგორც აზერბაიჯანის, ისე რუსეთის მოქალაქეები.

ალიევმა, თითქოს ელოდა ამ კატასტროფას, უმალ გააკეთა ანტირუსული განცხადებები და რუსეთი დაადანაშაულა თვითმფრინავის გამიზნულ ჩამოგდებაში, რაც შორს იყო სინამდვილისგან.

ალიევი იმუქრება, რომ რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს, რაც სრულიად შეუფერებელი განცხადებაა, მიმართული ურთიერთობების ხელოვნური გაუარესებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ „შავი ყუთების“ გახსნის შემდეგ დადგინდა რით იყო გამოწვეული კატასტროფა, ალიევი თავისას არ იშლის — რუსეთის დასჯას ითხოვს.

გასულ თვეს აბუ-დაბაში გაიმართა აზერბაიჯან-სომხეთის ლიდერების ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა, რომელსაც უნდა მოჰყვეს ორთა შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. შეხვედრიდან გამოპარული ინფორმაციის მიხედვით, ამიერკავკასიის არქიტექტურას მნიშვნელოვანი გადაკეთება მოელის, რომელიც კარდინალურად შეცვლის ძალთა ბალანსს არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ რეგიონში, მსოფლიოში.

საქმე ეხება სიუნიქის მხარის 32 კმ-ს, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანის ნახიჩევანის ოლქს აზერბაიჯანთან. გზა, რომელიც სომხეთზე გადის — ჯერ-ჯერობით სომხეთის კუთვნილებაა.

ზემოთ გამოვიყენე სიტყვა „ აკავშირებს“, თუმცა უნდა მეხმარა სიტყვა „დააკავშირებს“, ვინაიდან ამჟამად არსებული ვითარების გამომხატველია.

როგორც სომხური წყაროები აღნიშნავენ, ცხადია ვარაუდით, ზანგეზურის დერეფანი სულ მალე შეიძლება ამერიკული გასამხედროებული ორგანიზაციის დაქვემდებარებაში გადავიდეს. ფორმალურად გზა სომხეთის ინფრასტრუქტურაში იქნება, პრაქტიკულად კი — მას კონტროლს ამერიკელები გაუწევენ.

აი, რა თქვა თურქეთში აშშ-ს ელჩმა ტომას ბარაკმა: „მოგვეცით ეს 32 კმ გზა 100 წლით და თქვენ მიიღებთ სტაბილურობას“. რა ჰქონდა ელჩს მხედველობაში?

უპირველესად ის, რომ ნახიჩევან-ბაქოს დამაკავშირებელი გზა მწვავე კამათის საგანია — ბაქო-ერევანს შორის.

ყარაბაღის ომის მოგების შემდეგ, აზერბაიჯანმა დაიბრუნა მთელი რიგი ტერიტორიები, რომელიც სომხეთის ხელში იყო პირველი კონფლიქტის შემდეგ. გამარჯვებული ალიევი ითხოვს ზანგეზურის დერეფნის გახსნას და მასზე აზერბაიჯანის კონტროლის დაწესებას. სომხეთი აცხადებს — გზა მისია და ის გაუწევს კონტროლს.

გზის გახსნა თურქეთ-აზერბაიჯანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, მითუმეტეს მისი კონტროლი, რომელიც შეიცავს ეკონომიკურ დივიდენდებს.

სამხედრო თვალსაზრისითაც აღნიშნული დერეფანი უმნიშვნელოვანესია თურქეთისთვის, რომელიც ამ გზით არა მარტო აზერბაიჯანს უკავშირდება, არამედ კასპიის ზღვასაც.

თუ მხედველობაში მივიღებთ თურქეთის ნატოს წევრობას,  და უნდა მივიღოთ, ნატო გადის კასპიის ზღვაზე, რაც კასპიის ზღვის ქვეყნების მიერ მიღებულ კონვენციას ეწინააღმდეგება. ხელშეკრულებისდამიხედვით, კასპიის ზღვაზე არაკასპიის ზღვის ქვეყანა არ უნდა იყოს.

ზანგეზურის დერეფნის გახსნას უარყოფითად აღიქვამს ირანი, ისე, როგორც რუსეთი, ვინაიდან არც ერთ მათგანს არ სურს ნატოს გაჩენა სამხრეთ კავკასიაში, მითუმეტეს ამ დერეფნის ამერიკელთა განკარგულებაში გადასვლა.

ამერიკის ელჩის ხმამაღალი განცხადება, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის განხილვის საგანი იყო და გადაწყვეტილებაც მიღებულია, ექსპერტებში ეჭვს არ იწვევს. აშშ-ი სომხეთს სთავაზობს შემდეგს: „ გადმოგვეცით გზა, ჩვენ დაგიცავთ აზერბაიჯანის აგრესიისგან“. რას ნიშნავს ეს, თუ არა იმას, რომ სომხეთის უსაფრთხოებას გასამხედროებული ამერიკული კომპანია განახორციელებს  და არა თვით სომხეთი?!

სიტყვით, ქაღალდზე სომხეთი სუვერენული იქნება, მაგრამ საქმით — ის იქნება ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული იქნება ამერიკული კერძო კომპანიის მიერ და რაც არ უნდა იძახოს სომხეთმა — სუვერენული ვარო ან მთელი გზის გაყოლებაზე სომხური დროშები გამოფინოს რეალობას ვერ შეცვლის.

აქვე აღვნიშნავ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვრები ჯერაც არ არის დელიმიტირებული, გარდა 32 კვ-სა. წლების განმავლობაში მიმდინარეობს მათ შორის კამათი საზღვრის დემილიტარიზაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

ასეთ ვითარებაში სრულფასოვანი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შეუძლებელია, ვინაიდან ხელშეკრულებაში უნდა იყოს დაფიქსირებული პატივისცემა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ თუ განსაზღვრული არ იქნება საზღვრები, შეუძლებელი იქნება გაგება იმისა — სად იწყება და თავდება ტერიტორიული მთლიანობა, რომელი კონკრეტული გეოგრაფიული საზღვრით უნდა მოხდეს მისი პატივისცემა.

ესპანური მედიის მიხედვით, აშშ-ა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეათანხმეს მემორანდუმი ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით და მას ამერიკელებმა „ტრამპის ხიდი“ დაარქვეს. მედიის მიხედვით, შეთანხმდნენ დერეფნის გახსნის შემდეგ სატრანსპორტო კომუნიკაციებიდან შემოსული თანხების გაყოფაზეც — 40% ამერიკულ კომპანიას, 30% სომხეთს. მედიის მიხედვით, გზის კონტროლს აშშ-ს კერძო გასამხედროებული კომპანია განახორციელებს 1000 სამხედრო მოსამსახურით.

რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს, მალე გამოჩნდება. მაგრამ თურქეთში აშშ-ს ელჩის განცხადება ხომ რაღაცაზე მეტყველებს. და ეს „რაღაცა“  — აშშ-ს ჩექმის გაჩენაა ამიერკავკასიაში, რასაც აზერბაიჯან-სომხეთი ტაშით მიესალმებიან.

რუსეთ-ირანი, განსაკუთრებით რუსეთი, რომელმაც ბევრი იღვაწა აზერბაიჯან-სომხეთის ომის შესაჩერებლად, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩდნენ. არც აზერბაიჯანს და არც სომხეთს არ სურთ რუსეთის ჩართვა სამშვიდობო ხელშეკრულების პროცესში.

დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი აღწევს საწადელს — ამიერკავკასიაში შემოსვლით, რაც მას საშუალებას მისცემს გააკონტროლოს ირანი, კასპიის ზღვის ქვეყნები და რაც მთავარია სამხრეთ-ჩრდილოეთის მარშრუტი, რომელიც ირანისა და აზერბაიჯანის გავლით გადის რუსეთზე, ევროპის ქვეყნებზე.

აშშ-ს მიერ ზანგეზურის დერეფნის კონტროლი ხელს შეუშლის ჩინეთის პროგრამა — „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ განხორციელებას. ხელს შეუწყობს რუსეთის პოზიციების დეგრადაციას რეგიონში.

ნატოს სამხედრო წვრთნები, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს თურქეთ-საქართველოში — რუსეთის, ჩინეთის, ირანის წინააღმდეგ, მოისაზრება და გამოხატავს ამ ორგანიზაციის სიხარბით გამოწვეული სურვილების განხორციელებისთვის ბრძოლას.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი