რუსეთმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ქვეყანა გეგმავს „ტიტანური ძალისხმევის“ განხორციელებას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ჩასაშლელად. ამის შესახებ ინვესტიციების საკითხებში რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა, იუწყება Sky News.
„რა თქმა უნდა, კონფლიქტის გაგრძელებით დაინტერესებული არაერთი ქვეყანა ტიტანურ ძალისხმევას (პროვოკაციებსა და დეზინფორმაციას) მიმართავს, რათა პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის დაგეგმილი შეხვედრა ჩაშალოს“, – დაწერა მან Telegram-ზე.
დმიტრიევმა არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყნებზე საუბრობდა, ან რა „პროვოკაციებს“ შეიძლება მათ მიმართონ.
თავის პოსტში მან გადააზიარა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეთის ყოფილი მრჩევლის დენ კალდუელის პოსტი, რომელიც ასევე აცხადებს, რომ ალასკაზე ლიდერებს შორის 15 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლისთვის ევროპასა და უკრაინაში მოქმედი ძალები, რომლებსაც ომის გაგრძელებაში პირადი ინტერესი აქვთ, „კოორდინირებულ ძალისხმევას“ მიმართავენ.
ცნობისთვის, Reuters-ის აპრილში გავრცელებული ინფორმაციით, კოლდუელი „ინფორმაციის უნებართვო გამჟღავნებისთვის“ პენტაგონიდან გაათავისუფლეს და ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს.
„მოსკოვი ხშირად ცდილობდა საკუთარი თავისა და აშშ-ის ერთ მხარეს წარმოჩენას, რადგან მათ შორის ურთიერთობები ტრამპის მეორე ვადის დაწყების შემდეგ შეიცვალა“, – წერს Sky News.