ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშკიანის განცხადებით, ე.წ. ტრამპის გზის პროექტში, რომლის განხორციელებაზეც სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, ირანის მოთხოვნები გათვალისწინებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო „მეჰრი“ ავრცლებს.
ირანის პრეზიდენტის თქმით, მედიაში ამ საკითხზე ინფორმაცია გაზვიადებული იყო.
ფეზეშკიანმა ასევე აღნიშნა, რომ საკითხზე ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიიღო.
„რა თქმა უნდა, ეს დერეფანი არ გახლავთ ის, რაზეც მედიაში გაზვიადებულად საუბრობდნენ. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოთხოვნები გათვალისწინებულია. ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ევროპასთან კავშირების დამყარება და უარი მის მოკვეთაზე ჩრდილოეთისგან, რასაც გულისხმობდა ირანი, ამ საკითხში ჩანს. ერთადერთი, რაც შეშფოთების საგანია, რომ გზის მშენებლობა სომხურ და ამერიკულ კომპანიებს სურთ“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უახლოეს დროში დაგეგმილია მისი სატელეფონო საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, ხოლო 12 აგვისტოს ირანში ჩავა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.