„მე ვფიქრობ, ის მიდგომები, რაც დამკვიდრდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში, რადიკალურად გადაიხედება, მათ შორის გადაიხედება სასანქციო პოლიტიკაც. ეს არის ჩვენი ვარაუდი,“ – განაცხადა “ოცნების მთავრობის” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც ბანკებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებას შეეხებოდა.
კობახიძის შეფასებით, აშშ-ს სჭირდება სანდოობის დაბრუნება როგორც ამერიკული, ასევე საერთაშორისო საბანკო სისტემის მიმართ, ხოლო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ამ მიმართულებით პოლიტიკის გადახედვა „აბსოლუტურად ლოგიკურია“.
„ზოგადად, ის პოლიტიკა, რომელიც წარმოებდა წინა ადმინისტრაციის პირობებში, საფრთხეს უქმნის სანდოობას საბანკო სისტემის მიმართ, შესაბამისად ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ამ მიდგომის გადახედვას, არის აბსოლუტურად ლოგიკური. აშშ-ს სჭირდება სანდოობის დაბრუნება ამერიკული საბანკო სისტემის მიმართ, ისევე როგორც საერთაშორისო საბანკო სისტემის მიმართ და, შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რაზეც ისინი საუბრობენ. მე ვფიქრობ, ის მიდგომები, რაც დამკვიდრდა წინა ადმინისტრაციის პირობებში რადიკალურად გადაიხედება, მათ შორის, გადაიხედება სასანქციო პოლიტიკაც, ეს არის ჩვენი ვარაუდი,“- განაცხადა პრემიერმა.
რამდენჯერ არ უნდა ახდეს “პრემიერი კობახიძის” ვარაუდი, რომ აღიაროს – აშშ-სთან “ქ.ოცნების” ურთიერთობა ნორმალურ კალაპოტში ვერ შევა?! როდემდე უნდა იყოს საქართველო ივანიშვილის მიერ ვერმიღებული 2 მილიარდი დოლარის მძევალი?!