ვლადიმირ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის ინფორმაციით, დიალოგი სომხეთის ინიციატივით გაიმართა.

კრემლში განმარტავენ, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს გაუზიარა 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შედეგები.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა  იმ ქმედებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომლებიც ერევანსა და ბაქოს შორის მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას ხელს უწყობს.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს ინფორმაცია მიაწოდა დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან საუბრის შედეგების, ასევე ალასკაზე დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის მზადების შესახებ.

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთ-სომხეთის თანამშრომლობის ზოგიერთი საკითხი.