ჩინეთში დააკავეს მაღალჩინოსანი, რომელიც „ოცნების“ დელეგაციებს მასპინძლობდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატი ლიუ ძინჩაო, რომელსაც დასავლურ მედიაში მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრადაც განიხილავდნენ, დააკავეს.

ლიუ ძინჩაო იკავებდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიციას.

სწორედ ის მასპინძლობდა ჩინეთში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ბოლო ორ ვიზიტს 2024 და 2025 წლებში.

ცნობები დაკავებაზე

ოფიციალური ცნობები მისი სავარაუდო დაკავების ან ბრალდების შესახებ არ ვრცელდება.

ინფორმაცია ლიუ ძინჩაოს სავარაუდო დაკავების შესახებ თავდაპირველად წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Wall Street Journal-მა, მოგვიანებით კი სხვა მედიასაშუალებებმა, მათ შორის „როიტერსმა“.

გამოცემის ცნობით, ლიუ დააკავეს 2025 წლის ივლისის ბოლოს, საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტიდან პეკინში დაბრუნების შემდეგ. „ბლუმბერგის“ ცნობით, გაჩხრიკეს მისი სახლიც.

ამავე წყაროების თანახმად, დაკავების მიზანი „გამოკითხვაა“, თუმცა დაკავებიდან უკვე ორ კვირაზე მეტია გასული და დიპლომატის შესახებ კონკრეტული ბრალდება ან რაიმე სხვა სახის ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.

ლიუ ძიანჩაო

2023 წლიდან ლიუ ძინჩაოს დატვირთულმა გრაფიკმა, განსაკუთრებით კი ვაშინგტონში აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრებმა, საერთაშორისო მედიაში გააჩინა მოლოდინი, რომ მას საგარეო საქმეთა მინისტრად ამზადებდნენ.

ჩინეთში ეს მაღალი რანგის თანამდებობის პირების სავარაუდო დაკავების ყველაზე რეზონანსული შემთხვევაა 2023 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის, ცინ განის გაუჩინარების შემდეგ.

  • ცინ განის გაუჩინარებიდან ერთი თვის შემდეგ ჩინეთის მთავრობაში თქვეს, რომ მინისტრი პოსტიდან გაათავისუფლეს;
  • მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობებით, პრეზიდენტი სი ძინპინი მინისტრობის კანდიდატად ძინჩაოს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ მინისტრი ვანგ ი გახდა.