აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მედიას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის „უსამართლო“ გაშუქებისთვის აკრიტიკებს.
აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი და პუტინის შეხვედრის გაშუქებაზე „ძალიან უსამართლო მედია მუშაობს“.
როგორც ტრამპი წერს, ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის წინ „ყალბი ახალი ამბების მედია ზეგანაკვეთურ მუშაობაზეა გადასული“.
„ისინი მუდმივად ციტირებენ თანამდებობიდან გათავისუფლებულ წარუმატებელ და ნამდვილად სულელ ადამიანებს, ისეთებს, როგორიცაა ჯონ ბოლტონი, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა იმართება ამერიკულ მიწაზე, „პუტინმა უკვე გაიმარჯვა“. საერთოდ რას ნიშნავს ეს? ჩვენ ყველაფერს ვიგებთ. ყალბი ამბები ზეგანაკვეთურად მუშაობს (ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე გადასახადი არ არის!)
მე რომ სულ მოსკოვი და ლენინგრადი მომეპოვებინა რუსეთთან შეთანხმების შედეგად, ფეიკ ნიუსი მაინც იტყოდა, რომ ცუდი გარიგება დავდე! მაგრამ ისინი უკვე გამოვიჭირეთ.
შეხედეთ ნამდვილ ახალ ამბებს, რომლებიც მათი კორუფციის შესახებ ვრცელდება. ეს ავადმყოფი და მატყუარა ხალხია, რომლებსაც, სავარაუდოდ, სძულთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველაფერში გამარჯვებულები ვართ“, – წერს ტრამპი.