თუ აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში თურქეთი ჩაერევა, ასეთ შემთხვევაში ამ პროცესში რუსეთიც ჩაერთვება- სტეპან გრიგორიანი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე საომარ მოქმედების მიზეზებსა და მოვლენათა განვითარების სავარაუდო პერსპექტივებზე “ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.

 

– ბატონო სტეპან, რამდენიმე დღეა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, თქვენ როგორ შეაფასებდით დღეისათვის არსებულ ვითარებას?

– ღამე საომარი მოქმედებები გრძელდებოდა. სამხედრო მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების მთელ პერიმეტრზე მიმდინარეობდა, მაგრამ ინტენსივობა სადღაც მაღალია და სადღაც დაბალი.

აზერბაიჯანულმა მხარემ განახორციელა სატანკო შეტევა და გარღვევის მცდელობა ჰქონდა სამხრეთ მიმართულებაზე, მაგრამ სომხურმა მხარემ ისინი გააჩერა. მათ ჰქონდათ მცდელობა აეღოთ სიმაღლე ირანის საზღვართან – საუბარია იმ მონაკვეთზე, სადაც მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანს საერთო საზღვარი აქვთ ირანთან.

უკვე დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ შემთხვევით დაბომბა ირანის ტერიტორია. სხვათა შორის, ამის თაობაზე თეირანმა განცხადებაც გააკეთა. ასე რომ, შეიძლება ითქვას აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირების ზოლზე საკმაოდ დაძაბული ვითარებაა.

 აზერბაიჯან-სომხეთს შორის ვითარება არაერთხელ გამწვავებულა, მაგრამ ახლა ისეთ მასშტაბებზეა საუბარი აშკარაა, რომ რაც ახლა ხდება მთელ რეგიონს უქმნის საფრთხეს.

პრეზიდენტმა ფაშინიანმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა არ დაუშვას ამ პროცესში თურქეთის ჩართვა. მას არაფერი უთქვამს ამ პროცესში რუსეთის სავარაუდო მონაწილეობაზე.

არადა, რჩება შთაბეჭდილება, რომ რაც ახლა ხდება სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში ჩაერთოს ერთი მხრივ თურქეთი და მეორე მხრივ რუსეთი. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

– არა, ასეთი შიშები ჩვენ არა გვაქვს. საერთოდ, ყარაბაღთან დაკავშირებით რუსეთის პოლიტიკის მიმართ მე საკმაოდ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები მაქვს, მაგრამ რაც შეეხეება რუსეთის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში, კითხვები არ მაქვს. რატომ? ახლავე მოგახსენებთ.

რუსეთს ახლა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაცია არაფერში სჭირდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარება თუ გამწვავდა, ეს შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასიას გადაედოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებაში დაინტერესებული არაა. ასეა იმიტომ კი არა, რომ რუსეთი კარგია, არამედ იმის გამო, რომ მას ახლა სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიდი ომი არ უნდა.

რუსეთს ახლა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილზიაცია არაფერში სჭირდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარება თუ გამწვავდა, ეს შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასიას გადაედოს

საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანს სურს ძალის გამოყენებით აღადგინოს კონტროლი მთიან ყარაბაღზე. ბაქოში ესმით, რომ აზერბაიჯანს დაკარგული აქვს მთიანი ყარაბაღი თუნდაც იმის გამო, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებ ხალხზე მას არანაირი გავლენა არ აქვს.

ახლა ამ პროცესის გამპირობებელი რამდენიმე კომპონენტია სიახლე. თურქეთს სურს სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენის გაზრდა. გაუგებარია, რამ გაუჩინა თურქეთს სომხეთის მიმართ ინტერესი. თურქეთი ახლა ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო აგრესიულ ომებს აწარმოებს სირიაში, ლიბიაში და საბერძნეთის წინააღმდეგ.

სრულიად ცალსახაა, რომ ორი ავტორიტარული ქვეყანა – თურქეთი და აზერბაიჯანი ახლა იბრძვის დემოკრატიული სომხეთის წინააღმდეგ. ბელორუსში მიმდინარე პროცესების ფონზე აზერბაიჯანში შეშინებული არიან სომხეთში მომხდარი დემოკრატიული რევოლუციით. ალიევი ხედავს რა დღეშია ლუკაშენკო. ახლა ომი არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის გამოა. ეს ყველაფერი კი ართულებს ვითარებას.

სრულიად ცალსახაა, რომ ორი ავტორიტარული ქვეყანა – თურქეთი და აზერბაიჯანი ახლა იბრძვის დემოკრატიული სომხეთის წინააღმდეგ. ბელორუსში მიმდინარე პროცესების ფონზე აზერბაიჯანში შეშინებული არიან სომხეთში მომხდარი დემოკრატიული რევოლუციით. ალიევი ხედავს რა დღეშია ლუკაშენკო. ახლა ომი არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის გამოა. ეს ყველაფერი კი ართულებს ვითარებას

 თქვენი დაკვირვებით რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება? აზერბაიჯანული მხარე დასჯერდება იმას, რომ მათ დაიკავეს რამდენიმე სიმაღლე?

– არ გირჩევდით იოლად ენდოთ აზერბაიჯანულ პროპაგანდას. მესმის, რომ სომხური მხარე ასევე ავრცელებს ისეთ ციფრებს, რაც მას აწყობს. ჩვენებიც ამბობენ, რომ რაღაც სიმაღლე აიღეს, მაგრამ არაფერს ამბობს, რა და სად დაკარგეს.

ფაქტი ისაა, რომ სომხურ მხარეს 500 მებრძოლი არ დაუკარგავს. გაუგებარია საიდან მოაქვთ მათ ასეთი მონაცემები. აჯობებდა, მათ იმაზე ელაპარაკათ, თუ როგორ მოხვდა მათი გენერალი ტყვეობაში.

 შეგიძლიათ გვითხრათ რა გვარია სომხეთის ტყვეობაში მოხვედრილი აზერბაიჯანელი გენერალი?

– მაის ბაგდასაროვია მისი ვინაობა. ასევე თქვან იმაზე, რომ პანიკაში ჩავარდნილი აზერბაიჯანელი მეომრები გაიქცნენ და დატოვეს 12 ერთეული სამხედრო ტექნიკა საბრძოლო კომპლექტებით.

ჩვენთვის აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში თურქეთის ჩართვა ბევრ რამეს ცვლის. ვიმეორებ, თუ ამ ბრძოლაში თურქეთი ჩაერთვება, სომხეთი ახლა არა ყარაბაღისთვის, არამედ საკუთარი თავის ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძოლებს.

ჩვენთვის აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში თურქეთის ჩართვა ბევრ რამეს ცვლის. ვიმეორებ, თუ ამ ბრძოლაში თურქეთი ჩაერთვება, სომხეთი ახლა არა ყარაბაღისთვის, არამედ საკუთარი თავის ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძოლებს

მე მშვიდობიანი ადამიანი ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთი სომეხი ხალხი ფიზიკური გადარჩენისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

სომხეთი მანამდე იბრძოლებს, ვიდრე აზერბაიჯანი არ გადავა სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების იმ ზოლს მიღმა, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ დაიკავა 2016 წლის აპრილში 2016 წლის აპრილში და ეჭირა საკმაოდ მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პოზიციები.

 პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა – მთიანი ყარაბაღის პრობლემა უნდა მოგვარდეს ამ საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების შესაბამისად. ამას ოფიციალური ბაქო კარგა ხანია ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ…

– აზერბაიჯანში ძალიან უყვართ საერთაშორისო დოკუმენტები, მაგრამ მათ ისინი ისე ინტერპრეტირებენ, როგორც მათ აწყობთ. დიახ, 1994 წელს მთიან ყარაბაღზე მართლაცაა მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს 4 რეზოლუცია, სადაც საუბარია იმაზე, რომ აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნდეს დაკარგული ტერიტორიები. მაგრამ, იმავე რეზოლუციის პირველი მოთხოვნაა საომარი მოქმედებების შეწყვეტა. არადა ვხედავთ, აზერბაიჯანი ამას არ აკეთებს.

 როგორც მინიმუმ იმ რეგიონში საომარი მოქმედებები 2016 წლის შემდეგ არ ყოფილა. ხსენებული რეზოლუციების შესაბამისად არც არაფერი მომხდარა, ახლა ვხედავთ, რომ სტეფანაკერტიც კი დაიბომბა , რაც მართლაც დიდი ხანია არ მომხდარა…

– აზერბაიჯანლების ნაცვლად მე მცხვენია იმის გამო, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა საბავშო ბაღები და სომხური სოფლები დაბომბეს. გუშინ ვესაუბრე ყარაბაღს და სწორედ მათგან ვიცი, რომ აზერბაიჯანელებმა საბავშო ბაღები და სოფლები დაბომბეს. როგორც მითხრეს, სომხურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება არ უპასუხოს აზერბაიჯანულ მხარეს და თავის მხარეს არ გამოიწვიოს მეტი პანიკა. აზერბაიჯანელების დაბომბვებს სოფლებში ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა.

სომხეთისთვის ახლა მნიშვნელოვანია აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში თუთქეთი არ ჩაერთოს. თუ თურქეთი ამ ომში არ ჩაერთო, სომხეთი შეძლებს გაუმკლავდეს აზერბაიჯანულ აგრესიას და აღადგინოს ის საზღვარი, რომელიც 2016 წლის აპრილამდე არსებობდა.

თუ თურქეთი ამ ომში არ ჩაერთო, სომხეთი შეძლებს გაუმკლავდეს აზერბაიჯანულ აგრესიას და აღადგინოს ის საზღვარი, რომელიც 2016 წლის აპრილამდე არსებობდა

სამწუხარო ისაა, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლებით აზერბაიჯანულმა მხარემ დიდი ხნით გადაავადა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტების მოგვარება.

 შეგიძლიათ თქვათ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა საომარი მოქმედებები დასრულდეს?

– არა ვარ დარწმუნებული, რომ ახლა დაწყებული დაპირისპირება მალე დასრულდება. აზერბაიჯანულ-სომხური დაპირისპირების მთელ პერიმეტრზე გრძელდება ბრძოლები. ბრძოლები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე არ აღდგება 2016 წლის აპრილისათვის არსებული მთიანი ყარაბაღის საზღვრები.

 რა სურს სომხურ მხარეს გასაგებია, მაგრამ თქვენი დაკვირვებით ამ დაპირისპირებაში აზერბაიჯანული მხარის გეგმები როგორია?

– მთიანი ყარაბაღიდან სომხური მოსახლეობის განდევნა და რამდენადაც შეძლებენ მეტი ზიანი მიაყენონ სომხეთს. ჩემი აზრით, აზერბაიჯანი მოლაპარაკებულია თურქეთთან სომხეთის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე.

ცნობილია ისიც, რომ თურქულ-აზერბაიჯანული ერთობლივი წვრთნების შემდეგ ანკარამ ბაქოს უამრავი სამხედრო ტექნიკა დაუტოვა. სომხურ ძალებს ახლა ამ ტექნიკის განადგურება უწევთ.

ის, რომ აზერბაიჯანის მხარეს სირიელი დაქირავებულები იბრძვიან, ეს უკვე დამტკიცებულია, ვინაიდან სომხურ მხარეს აქვს გარდაცვლილ სირიელთა ცხედრები.

ახლა თურქეთი ცდილობს იგივე გააკეთოს სომხეთში აზერბაიჯანის დახმარებით, რასაც აქამდე აკეთებდა სირიაში, ლიბიაში.

 გასაგებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სირიაშიც და ლიბიაშიც თურქეთის პარტნიორი, თან სერიოზული პარტნიორიცა და კონკურენტიც რუსეთია. შესაბამისად, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ თურქეთის მონაწილეობით ვითარების გამწვავების შემთხვევაში ამ პროცესში რუსეთი არ ჩაერთვება…

– ამ კითხვისთვის მადლობას გიხდით. კარგი კითხვაა. თუ აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებში თურქეთი ჩაერევა, ასეთ შემთხვევაში ამ პროცესში რუსეთიც ჩაერთვება. რუსეთს არ აწყობს არც სომხეთის და არც სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაცია.

 თქვენი აზრით, სავარაუდოდ როგორ შეიძლება ჩაერთოს რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში? საქართველოსგან მოითხოვს სამხედრო ტექნიკის გატარებას იმისთვის, რომ საქართველოს გავლით ჩავიდნენ გიუმრიში რუსული ტანკები?

– არა, რუსებს გიუმრის ბაზაზე საკმაოდ ბევრი სამხედრო ტექნიკა აქვთ. თუ რუსეთი ჩაერთო, არ გამოვრიცხავ, რუსეთმა თურქეთსა და აზერბაიჯანზე სამხედრო დარტყმები თავისი ბაზებიდან განახორციელოს.

თუ რუსეთი ჩაერთო, არ გამოვრიცხავ, რუსეთმა თურქეთსა და აზერბაიჯანზე სამხედრო დარტყმები თავისი ბაზებიდან განახორციელოს

თუ თურქეთი ომში ჩაერთო, სომხეთის ინტერესებში ნამდვილად იქნება რუსების აქტიურობა და ამ მიმართულებაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თუ ასე არ მოხდა, მხედველობაში მაქვს თურქეთის ჩარევა, მაშინ არც რუსეთის ჩარევა გახდება აუცილებელი. სომხეთი მზადაა მარტო გაუწიოს ღირსეული წინააღმდეგობა აზერბაიჯანს და შეასრულოს ის ამოცანები, რომელიც სომხური შეიარაღებული ძალების წინაშე სადღეისოდ დგას.

თუ თურქეთი ამ პროცესში ჩაერთო, არა მგონია, რომ საქართველომ არ გააპროტესტოს, თუნდაც იმის გამო, რომ თურქეთი და სომხეთი ერთნაირი ძალის ქვეყნები არ არიან. გარდა ამისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყარაბაღის საკითხში თურქეთის ჩართვა სერიოზულად შეუქმნის საფრთხეს სამხრეთ კავკასიის მთელ რეგიონს.

ვიმეორებ, თუ თურქეთის შეიარაღებული ძალები ღიად ჩაერევიან აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში, ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი ამ პროცესში ჩაერთვება.

თუ თურქეთის შეიარაღებული ძალები ღიად ჩაერევიან აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში, ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი ამ პროცესში ჩაერთვება

ყველას უნდა ესმოდეს, რომ რაც ახლა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება, იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრს ჰგონია. ეს არ გახლავთ ომი ყარაბაღისთვის. ეს არის ბრძოლა იმის წინააღმდეგ, რომ ანკარას სურს სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოზიციების გამყარება. ეს დღეს ბევრს არ ესმის, მათ შორის საქართველოში.

გითხრათ სიმართლე არ მესმის, რატომ ცდილობს თურქეთი სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციას. აი, თქვენ მითხარით რატომ შვება ამას?

 არა ვარ დარწმუნებული, რომ თურქეთის სტრატეგიულ მოკავშირე აზერბაიჯანი იყოს დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციაში. ამუშავდა მეტად მნიშვნელოვანი შაჰდენიზის-2-ის მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანს ეკონომიკური განვითარების ახალ სერიოზულ იმპულს აძლევს.

მეტსაც გეტყვით, აზერბაიჯანს ეკონომიკური განვითარების ზრდის შესაძლებლობები იმაზე მეტი აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. აზერბაიჯანის განვითარება თუ ვინმეს ინტერესებში არ უნდა იყოს, ეს აშკარად სომხეთი და რუსეთია…

– მე უკვე ვისაუბრე ჩემს არგუმენტებზე, იმაზე, რომ სომხეთი დემოკრატიული ქვეყანაა, რაც ანკარას და ბაქოს ერთნაირად აშფოთებს.

 შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ თბილისიდან სულაც არ ჩანს, რომ პრემიერი ფაშინიანი დიდი დემოკრატია. ამ თემაზე საუბარს არ გავაგრძელებ, ვინაიდან საქართველოსა და სომხეთის შორის ურთიერთობების პრობლემებზე მოგვიწევს საუბარი.

– სომხეთში დემოკრატიის განვითარებისკენ სერიოზული ნაბიჯები იდგმება და საინტერესო პროცესები ვითარდება. გასაგებია, რომ ფაშინიანი ყველაფერს კარგად ვერ აკეთებს. ახლა სომხეთში ისეთივე პროცესები ვითარდება, როგორიც თავის დროზე ბალტიის ქვეყნებში.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ალიევს საშინაო საქმეებში აქვს პრობლემები. არაა გამორიცხული, აზერბაიჯანში ისე განვითარდეს პროცესები, როგორც ბელარუსში. და ეს ყველაფერი ხვდება იმის ფონზე, რომ ალიევი და აზერბაიჯანული საზოგადოება ახლა უფრო მეტად ხვდებიან, რომ მათ მთიანი ყარაბაღი დაკარგეს.

არაა გამორიცხული, აზერბაიჯანში ისე განვითარდეს პროცესები, როგორც ბელარუსში. და ეს ყველაფერი ხვდება იმის ფონზე, რომ ალიევი და აზერბაიჯანული საზოგადოება ახლა უფრო მეტად ხვდებიან, რომ მათ მთიანი ყარაბაღი დაკარგეს

მალე გაეროს უშიშრობის საბჭოს სხდომა გაიმართება სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხზე. იმედი ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო სტრუქტურების ჩარევით რეგიონში ომი დიდხანს არ გაგრძელდება.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი