მარკო რუბიო: სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია, თუ ორივე მხარე დათმობაზე არ წავა. უკრაინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოების გარანტიების მიღება. ისიც ცხადია, რომ პუტინთან ურთიერთობების გარეშე ომს ვერ დაასრულებ

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ABC-ს ეთერში რუსეთისა და უკრაინის მხრიდან დათმობებზე წასვლის აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც მარკო რუბიომ განაცხადა, მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია მიღწეული იმ გაგებით, რომ შეთანხმების პოტენციური სფეროები დადგინდა, თუმცა კვლავ რჩება უთანხმოება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელთა გადაჭრაც კომპრომისების გარეშე შეუძლებელი იქნება.

„სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია, თუ ორივე მხარე დათმობაზე არ წავა. უკრაინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოების გარანტიების მიღება, რაც უზრუნველყოფს, რომ მომხდარი არასოდეს განმეორდება, რომ მათ ტერიტორიაზე ხელახლა არ შეიჭრებიან. ეს არის ის, რაც რუსულმა მხარემ უნდა გაიგოს.

ამასთან, ისიც ცხადია, რომ პუტინთან ურთიერთობების გარეშე რუსეთსა და უკრაინას შორის ომს ვერ დაასრულებ. პრეზიდენტი ტრამპი მსოფლიოში ერთადერთი ლიდერია, რომელმაც შეძლო პუტინის შეხვედრაზე მიყვანა და სერიოზულ საკითხებზე საუბარი. ყველა, მათ შორის უკრაინელები და ევროპის ყველა ქვეყანა, სთხოვენ შეერთებულ შტატებს, შეეცადოს დაითანხმოს პუტინი სამშვიდობო შეთანხმებაზე.

თუ ახლა სანქციებს დავუწესებთ რუსეთს, ეს მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, უახლოეს დროში შეწყდება და ეს ნიშნავს, რომ ომი გაგრძელდება. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. შესაძლოა ასეც მოხდეს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ამის თავიდან ასაცილებლად, რადგანაც გვსურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა“, – განაცხადა რუბიომ.