რუსეთმა უკრაინაში აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ობიექტებს ისევ დაარტყა. როგორც moscowtimes-ი წერს, 18 აგვისტოს ღამით რუსეთის სამხედრო ძალებმა დრონებით შეუტიეს უკრაინის ოდესის ოლქს. რუსული დრონების სამიზნე, როგორც რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა, განაცხადა,”საწვავ-ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები” გახდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დრონებმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის ტერმინალი დააზიანეს. ეს კი ბოლო 10 დღის განმავლობაში უკრაინაში აზერბაიჯანულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა.
აზერბაიჯანული გამოცემა Minval-ის ცნობით, დრონების პირდაპირი მოხვედრის შედეგად ტერმინალის 17-ვე რეზერვუარი, სატუმბი სადგური, საოპერატორო და ტექნიკური შენობები სრულად განადგურდა. საწყობში 16 ათას კუბურ მეტრზე მეტი საწვავი ინახებოდა. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის და ამჟამად მიმდინარეობს გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები.
ეს უკვე მეორე მასირებული შეტევაა ამ ნავთობბაზაზე ბოლო 10 დღის განმავლობაში. მანამდე, 8 აგვისტოს, რუსმა სამხედროებმა მას დრონებით დაარტყეს – მაშინ დიზელის მილსადენი დაზიანდა და SOCAR-ის ოთხმა თანამშრომელმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ორი დღით ადრე კი დაესხნენ თავს კომპრესორულ სადგურ „ორლოვკას“ სოფელ ნოვოსელსკეში, რომლის გავლითაც უკრაინას ტრანსბალკანური გაზსადენით აზერბაიჯანული გაზი მიეწოდება.