უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები არ ითვალისწინებს ევროპული ქვეყნების უშუალო ვალდებულებას, დაიცვან უკრაინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ნატოს მსგავსი“ ვარიანტი ავალდებულებს ქვეყნებს, რომლებმაც უკრაინასთან ორმხრივი შეთანხმებები გააფორმეს, რუსეთის მხრიდან განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში განიხილონ, გაუწევენ თუ არა უკრაინას სამხედრო მხარდაჭერას.
წყაროების ცნობით, ეს სამხედრო დახმარება შეიძლება მოიცავდეს კიევისთვის „სწრაფი და მდგრადი თავდაცვითი დახმარების“, ეკონომიკური დახმარების მიწოდებას, „უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას“, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას.
მაგრამ გაურკვეველია, მოიცავს თუ არა ეს მხარდაჭერა უკრაინის დასახმარებლად უცხოური ჯარების გაგზავნას.