ილონ მასკი ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებენ. Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა თავისი დამოკიდებულების შესახებ “ნიუ იორკ თაიმსის“ პოდკასტში Sway, კარა სვიშერთან სტუმრობისას ისაუბრა.
საუბრისას სვიშერმა ექსცენტრიკულ გამომგონებელს ჰკითხა, გაიკეთებენ თუ არა ის და მისი ოჯახი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, როცა ის ხელმისაწვდომი იქნება, რაზეც მასკმა თქვა, რომ არ გაიკეთებს იმიტომ, რომ სჯერა, ის არ არის კორონავირუსის რისკის ქვეშ.
“მე არ ვარ “კოვიდის“ რისკის ქვეშ და არც ჩემი შვილები“, – თქვა მასკმა. მედიაში წერენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მასკსა და მისი ოჯახის წევრებს ვირუსი არ გადაედებათ და COVID-19-ის მიმართ მდგრადები არიან.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი კარანტინის წინააღმდეგი იყო და პანდემიის საწყის ეტაპზე ამაზე ბევრს საუბრობდა. სვიშერმა მას აღნიშნულ თემაზეც ჰკითხა:
“არსებითად, სწორი იქნებოდა ის, რომ არ ყოფილიყო მთელი ქვეყანა ჩაკეტილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვინც რისკის ქვეშაა ის უნდა იყოს კარანტინში, სანამ ქარიშხალი არ გადაივლის“, – აღნიშნა მასკმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. მსოფლიოში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა კი უკვე 1 მილიონს გადააჭარბა. სპეციალისტების პროგნოზით, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოს 2020 წლის ბოლოსთვის უნდა ჰქონდეს.
წყარო: ambebi.ge