Bild: იტალიაში „ჩრდილოეთ ნაკადების“ აფეთქებაში მონაწილე უკრაინის მოქალაქე დააკავეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა უკრაინის მოქალაქე, ვინმე სერგეი კ. დააკავეს, რომელსაც ბრალად „ჩრდილოეთ ნაკადი – 1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი – 2“ გაზსადენების აფეთქებაში მონაწილეობა ედება. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც 2022 წლის სექტემბერში ბალტიის ზღვაში ბორნჰოლმის კუნძულთან გაზსადენებზე ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა. გერმანიის პროკურატურა ამტკიცებს, რომ უკრაინის მოქალაქე ოპერაციის ერთ-ერთი კოორდინატორი იყო.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ დივერსანტებმა როსტოკის პორტი დაქირავებული გემით დატოვეს. მათ ის გაყალბებული დოკუმენტებით მესამე პირების მეშვეობით იქირავეს.

როგორც Bild-ი წერს, 2022 წლის 26 სექტემბერს მომხდარმა აფეთქებებმა სერიოზული ზიანი მიაყენეს ორივე გაზსადენს. ახლა უკრაინის მოქალაქეს გერმანიაში ექსტრადიცია და შემდეგ სასამართლო ემუქრება.