სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ამერიკული კომპანია სომხეთის ტერიტორიაზე გზას არ გააკონტროლებს, არამედ მას მართავს, ანუ განახორციელებს მის ბიზნესმართვას. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, ექნება თუ არა ამ გზაზე ტვირთების გატარების შესაძლებლობა ირანს, ფაშინიანმა მაგალითად მოიყვანა სომხეთის რკინიგზის მაგალითი, რომელსაც რუსეთი მართავს.
„ეს რკინიგზა გადის მრავალ დასახლებულ პუნქტსა და გზაზე, და არცერთ სომხურ, ირანულ, ქართულ ან ევროპულ ავტომობილს არ შეხვედრია წინააღმდეგობა ამ რკინიგზის კვეთისას“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა ეს იმით ახსნა, რომ ტერიტორია სომხეთის იურისდიქციის ქვეშაა მოქცეული.
„ის ხუთი პრინციპი, რომელზეც მუდამ ვსაუბრობთ, სწორედ ამაზე მეტყველებს, ესენია: სუვერენიტეტი, იურისდიქცია, ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების ხელშეუხებლობა და ორმხრივობა“, – განაცხადა ფაშინიანმა.