The Guardian: ტრამპმა გადაწყვიტა, პუტინსა და ზელენსკის შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვას

ტრამპმა გადაწყვიტა, პუტინსა და ზელენსკის შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვას, – განუცხადეს The Guardian-ს ამერიკელი ლიდერის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

ოფიციალური პირების თქმით, ამგვარად, ტრამპი უკან იხევს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისგან. ოფიციალურმა პირებმა დასძინეს, რომ ომის დასრულების ტრამპის გეგმების შემდეგი ნაბიჯი რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრაა.

როგორც გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, ტრამპმა თავის მრჩევლებს განუცხადა, რომ ორ ლიდერთან სამმხრივი შეხვედრის გამართვას მხოლოდ მათ შორის შეხვედრის შემდეგ გეგმავს, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, შედგება თუ არა ეს პირველი შეხვედრა.

კერძოდ, WABC-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, პუტინი და ზელენსკი ჯერ მის გარეშე უნდა შეხვდნენ.

„უბრალოდ მინდა ვნახო, რა მოხდება შეხვედრაზე. ვნახოთ, რა მოხდება“, – დასძინა მან.

ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირის თქმით, ეს სიტუაცია, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტისთვის „მოიცადეთ და ვნახოთ“ პოზიციას წარმოადგენს პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პროგრესი არ არის მიღწეული და თეთრ სახლს ჯერ არ დაუსახელებია იმ ადგილების სია, სადაც შეხვედრა შეიძლება გაიმართოს.

ამავდროულად, თეთრმა სახლმა განაცხადა: „ტრამპი და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი აგრძელებენ თანამშრომლობას რუს და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან, რათა გამართონ ორმხრივი შეხვედრა მკვლელობების შესაჩერებლად და ომის დასასრულებლად…“.