კაია კალასი: უკრაინა არ უნდა აიძულონ, რომ მიწები დათმოს, ეს პუტინის ხაფანგია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ უკრაინა არ უნდა აიძულონ, მომავალი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რუსეთს ტერიტორიები დაუთმოს.

„რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების შენარჩუნების უფლების მიცემა ხაფანგია, რომელშიც პუტინს სურს, რომ გავებათ“, – აღნიშნა კალასმა.

კალასის თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ამ ეტაპზე კონკრეტული ნაბიჯი ბევრი არ არის.

„ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტია არის უკრაინის ძლიერი არმია“, – აღნიშნა კალასმა და ხაზი გაუსვა ისეთი გარანტიების შექმნის მნიშვნელობას, რომელიც „მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩება“.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ „მსურველთა კოალიციის“ წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, რა წვლილის შეტანა შეუძლიათ და ჯერ კიდევ არ არის ნათელი, როგორ იმოქმედებენ ისინი.

ალასკის სამიტთან დაკავშირებით კალასმა განაცხადა, რომ პუტინმა მიიღო ყველაფერი, რისი მოთხოვნაც ჰქონდა.

„პუტინს თბილი მიღება ჰქონდა და სურდა, რომ სანქციები არ დაწესებულიყო, რასაც მან ასევე მიაღწია. პუტინი უბრალოდ იცინის, არ წყვეტს მკვლელობას, არამედ ზრდის მკვლელობას. ჩვენ გვავიწყდება, რომ რუსეთი არცერთ დათმობაზე არ წასულა“, – განაცხადა კალასმა.