საინტერესოა ნობელის მშვიდობის პრემიის მაძიებლის, დონალდ ჯ. ტრამპის იდეა, მის მიერ გადმოფრქვეული, აშშ თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან (იგივე სამინისტროა) დაკავშირებით.
ვფიქრობ, თავდაცვის დეპარტამენტის სახელწოდებას ომის დეპარტამენტით შევცვლით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, ლი ჯე მიონთან შეხვედრისას განაცხადა.
„პიტ ჰეგსეტი შესანიშნავად მუშაობს, როგორც ამას მე ვუწოდებ, ომის დეპარტამენტში. როგორც იცით, ჩვენ თავდაცვის დეპარტამენტი გვაქვს, მაგრამ ჩვენ შორის რომ დარჩეს, ვფიქრობ, რომ სახელწოდებას შევცვლით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, „როდესაც მისი სახელწოდება ომის დეპარტამენტი იყო, აშშ-ს გამარჯვების დაუჯერებელი ისტორია ჰქონდა“.
„შემდეგ სახელი გადავარქვით და თავდაცვის დეპარტამენტით შევცვალეთ. ვფიქრობ, ეს ის არის, რასაც მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოისმენთ ან ნახავთ. ალბათ, ეს ცვლილება მომდევნო კვირაში ან მოგვიანებით მოხდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, ლი ჯე მიონთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სურს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს წელს შეხვდეს.
„ჩვენ შეხვედრა გვსურს. მას შესანიშნავად ვუგებ. ბევრ ხალხს ვხვდები, ძნელი სათქმელია, მაგრამ მასთან შეხვედრა წელს მსურს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
“მშვიდობისმოყვარე” ტრამპს სამიზნეში ირანი ჰყავს ამოღებული და მან ამ სახელმწიფოს რიგი ობიექტების დაბომბვის ნებართვა უკვე გასცა. საბედნიეროდ, ეს დაბომბვა ირანთან შეთანხმებულს ჰგავს ან შეთანხმებული აღმოჩნდა. საინტერესო ის არის, მოინდომებს თუ არა ტრამპი “ომობანას” გათამაშებას სხვა რეგიონებშიც, მათ შორის, კორეის ნახევარკუნძულზე (მაგალითად, ჩინეთის შესაშინებლად)? ყოველ შემთხვევაში, ზემოთ ციტირებული განცხადება ტრამპმა სწორედ სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან საუბარში განაცხადა, რაც შეიძლება, შემთხვევითობა იყოს, მაგრამ, ასევე შეიძლება, რომ არ იყო შემთხვევითობა.
შეგახსენებთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში გავრცელებულია დასახელება “თავდაცვის სამინისტრო”, რაც იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფოებს არ სურთ ომი, ისინი არ აპირებენ სხვა სახელმწიფოებზე თავდასხმას და მხოლოდ თავდაცვითი ხასიათის სამხედრო ოპერაციებს უჭერენ მხარს. მაგალითად, რუსეთიც კი, რომელსაც დასავლეთი აბრალებს უკრაინაზე აგრესიას, თავის სამხედრო ოპერაციას ასაბუთებს თავდაცვითი მომენტებით, რათა მომხდარიყო უკრაინაში ნატოს შეღწევის პრევენცია, რაც პირდაპირი საფრთხეა რუსეთისათვის, ასე რომ, რუსეთი თავს იცავს პრევენციულად. მაგრამ აშშ, რომელსაც არავინ ემუქრება? – აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივა ამერიკას წარსულში აბრუნებს, როდესაც ომების გაჩაღება არ მიიჩნეოდა აგრესიად და დანაშაულად. ესე იგი, ტრამპის ამერიკა აკეთებს დაშვებას, რომ მას თავად შეუძლია, გააჩაღოს თავდასხმითი ომი, თავდაცვითი მოსაზრებების გარეშე.
ასეა თუ ისე, განდიდების მანიით შეპყრობილი ამერიკელებისგან ყველაფერი მოსალოდნელია.
ცნობისათვის: აშშ “ომის სამინისტრო” (Department of War) არსებობდა 1949 წლამდე და მას ექვემდებარებოდა სახმელეთო ჯარები, “თავდაცვის სამინისტრო” (Department of Defense) კი აშშ-ის ყველა სახის შეიარაღებულ ძალებს აერთიანებს.