რატომ დამიჭირეს კი არა, საიდან მოვიდა ნარკოტიკი? მთავარი კითხვა ესაა, საიდან მოვიდა ნარკოტიკი არათუ ჩემს ჯიბეში, საერთოდ, საქმეში? , – ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატმა ნინო ლომინაძემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ბრალდებულმა გარკვეულ გარემოებებზე ისაუბრა.
“პირველად ცხოვრებაში, რაც არ მღირსებია, ის ცნობადობა მაქვს. ვიღაც ამაზე ინერვიულებდა, მაგრამ მთავარი ფუძე-კითხვა მაქვს, საიდან გაჩნდა საქმეში ნარკოტიკი. მარტო იმიტომ ტატუები აქვს, კლუბი და მუსიკა უყვარს, შემარჩიეს, ეს ხაზი აქვთ…
ის სტრესი, შიში, დამცირება, ხომ მე მაქვს გავლილი, აღარ ვსაუბრობ, მათ ეს ვინ დაავალა, ვინ გააკეთებინა…. ეს არის ცილისწამება, კანფეტის ქონაც რომ დაებრალებინათ, ეს არის ცილისწამება, დამაბრალეს იმის ქონა, რაც არ მქონია.
ფიზიკურად, სიმართლე ერთია.
ადვოკატი მგონია, რომ მე კი არ მიცავს, ის იცავს სიმართლეს, სიმართლის დაკარგვა ყველასთვის ცუდია.
ფიცის შემდეგ, [პოლიციელები]იტყუებიან, პრაქტიკულად არაფერი ახსოვთ. არც ერთ კითხვაზე, როგორ სცადეთ ვიდეოგადღება, პასუხი არ მიმიღია.
ვიდეო, რომ გადაეღოთ, თავისსავე თავსვე ამხელდნენ გინებებით, “ჩადებით”. ვიდეო არ არსებობს, რადგან არ დამჭირდებოდა თქმა, რომ მაბულინგებდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, “ქათამს” მეძახდნენ, რომ დანარჩენ “ქათმებთან” ერთად, როგორ ვიბრძოდი ქვეყნის გადარჩენისთვის.
რატომ დამიჭირეს კი არა, საიდან მოვიდა ნარკოტიკი?
ეს არ არის მედლის ორი მხარე, ეს არის ერთადერთი სიმართლე. მე არ ვიცი პროკურორი რატომ აწერს ამას ხელს და რატომ აკეთებს”,- განაცხადა კაციამ.
ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.