ფაშინიანი საჯაროდ აცხადებს, რომ ყარაბაღი სომხეთია- რა მოლაპარაკებებზეა საერთოდ საუბარი?- ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ოფიციალური ერევნის მიუღებელი მოთხოვნების გამო, ახლა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები შეუძლებელია.

 

„სომხეთის პრემიერ-მინისტრი საჯაროდ აცხადებს, რომ ყარაბაღი სომხეთია და წერტილი. ასეთ შემთხვევაში, რა მოლაპარაკებებზეა საერთოდ საუბარი? ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ შემუშავებული პრინციპების არსი ის არის, რომ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ტერიტორიები აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს და თუ ფაშინიანი ამბობს, რომ ყარაბაღი სომხეთია და მოლაპარაკებები მარიონეტულ რეჟიმთან უნდა ვაწარმოოთ, ამით ის მოლაპარაკებების ფორმატის დანგრევას ცდილობს, რომელიც 20 წლის განმავლობაში არსებობდა“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთი განზრახ არღვევს მოლაპარაკებების პროცესს და მიუღებელი მოთხოვნებით გამოდის.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

“იმედი”