ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მომავალ კვირას პეკინში დაგეგმილ მასშტაბურ სამხედრო აღლუმზე შეუერთდება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავს მიეძღვნება, – ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.
როგორც მედიასაშუალება წერს, პუტინის დასწრება უკვე დადასტურებულია.
„პუტინი და კიმი ღონისძიებას დაესწრებიან 26 უცხოელ ლიდერს შორის. აშშ-ის ან დასავლეთ ევროპის წარმომადგენლების დასწრება მოსალოდნელი არ არის.
ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ახლო მოკავშირეები არიან. პეკინი დიდი ხანია ფხენიანის უმსხვილესი დონორი და სავაჭრო პარტნიორია, ხოლო კიმი რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებოდა.
დეტალები იმის შესახებ, თუ როდის და რამდენი ხნით ეწვევა კიმ ჩენ ინი ჩინეთს, ამ ეტაპზე უცნობია. მოსალოდნელია, რომ ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება ექვსი წლის განმავლობაში“, – ნათქვამია სტატიაში.