აირწინაღებსაც ვყიდულობდი, პარალონებსაც, კარვებსაც, ფოიერვერკებსაც და ყველაფერს, რაც საჭიროა, მოძალადისგან რომ თავი დაიცვა და გააპროტესტო მოღალატეების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. რაც მთავარია, კიდევ ვიყიდი, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
ელენე ხოშტარია პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას გამოეხმაურა.
„ხოდა, ვინმე არ დააკომპლექსოთ უცებ. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ კანონით, კონსტიტუციით ვმოქმედებთ და არა თქვენი ხუშტურებით“, – წერს ელენე ხოშტარია.
პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. პროკურატურის ცნობით, საუბარია გამოძიებაზე, რომელიც ეხება საბოტაჟს, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა კოორდინირებულად ხდებოდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით.