ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ავღანეთში მომხდარი 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რამდენიმე სოფელი განადგურდა. მიწისძვრამ, სულ მცირე, 812 ადამიანი იმსხვერპლა, ასეულობით კი დაშავდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ძლიერი მიწისძვრა პაკისტანის საზღვართან ახლოს მოხდა, ეპიცენტრი კი ჯალალაბადიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 27 კილომეტრის დაშორებით იყო.
მთავრობის წარმომადგენლის ზაბიჰულა მუჯაჰიდის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაღუპულთა თითქმის ყველა შემთხვევა კუნარის პროვინციაში დაფიქსირდა, სადაც 800 ადამიანი დაიღუპა და 2500 დაშავდა.
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მუფტი აბდულ მატინ კანის თქმით, ნანგარჰარის პროვინციაში კიდევ ათეული ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების თქმით, ამ პროვინციაში, სულ მცირე, 255 ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციისთვის, ავღანეთში ძლიერი მიწისძვრა 31 აგვისტოს მოხდა.