ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, დასავლეთი უკრაინასა და ღაზაში ომის მიმართ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.
პედრო სანჩესის თქმით, ევროპის ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა შეარყიოს ევროპის და ზოგადად დასავლეთის ავტორიტეტი. ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის მეთაურმა ბრიტანულ „გარდიანთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
სანჩესმა ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციაზე დასავლეთის რეაქციას 21-ე საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ეპიზოდი უწოდა. ამასთან, ერთად ესპანეთის პრემიერი მიესალმა ევროპის იმ სახელმწიფოების გადაწყვეტილებას, რომლებიც პალესტინის სახელმწიფო აღიარეს, თუმცა განაცხადა, რომ ევროპის რეაგირება არასაკმარისი აღმოჩნდა.
„ეს არის ჩავარდნა. რა თქმა უნდა. რეალობა ასეთია, რომ ევროკავშირში არსებობს ქვეყნები, რომლებიც ვერ ჩამოყალიბდნენ, როგორ უნდა მოახდინონ ზეგავლენა ისრაელზე. ჩემი აზრით, ეს დაუშვებელია და ჩვენ დიდხანს ვერ გავუძლებთ, თუ გვსურს ჩვენი ავტორიტეტის გაძლიერება სხვა კრიზისულ სიტუაციებში, როგორშიც აღმოვჩნდით უკრაინაში“, – განაცხადა სანჩესმა.
სანჩესის თქმით, ღაზაში მიმდინარე ომისა და უკრაინის ომის გამომწვევი მიზეზები რადიკალურად განსხვავებულია. ამასთან ესპანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს ევროპაზე, რათა ისრაელის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები დაწესდეს.
„საბოლოოდ ჩვენ ვუყურებთ ევროკავშირს და დასავლეთის საზოგადოებას და ვკითხულობთ, რატომ იყენებთ ორმაგ სტანდარტებს, როდესაც საუბარია უკრაინაზე, და როდესაც ლაპარაკია ღაზაზე?“, – განაცხადა სანჩესმა.