ფრიდრიხ მერცი: რუსეთი თუ გააგრძელებს დროის გაჭიანურებას, ევროპა გააძლიერებს სასანქციო ზეწოლას

რუსეთი თუ გააგრძელებს დროის გაჭიანურებას, ევროპა გააძლიერებს სასანქციო ზეწოლას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი წერს, რომელიც პარიზში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მონაწილეობდა.

მისი თქმით, როდესაც მიღწეული იქნება გამოსავალი მოლაპარაკებების გზით, ევროპელებს სურთ, საკვანძო წვლილი შეიტანონ უკრაინისთვის უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების უზრუნველყოფაში.

„ჩვენ, ევროპელები, გავაგრძელებთ ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინასთან და ჩვენს ერთობლივ ქმედებებთან დაკავშირებით. ამაზე დღეს შევთანხმდით „მსურველთა კოალიციის“ ვიდეოკონფერენციაზე, რომელიც ორგანიზებული იყო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და ჩემ მიერ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სამიტის ორგანიზებაზე პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით. იქ უნდა შეთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტა. თუ რუსეთი დროის გაჭიანურებას გააგრძელებს, ევროპა გააძლიერებს სასანქციო ზეწოლას, რათა გაზარდოს მოლაპარაკებების გზით გამოსავლის პოვნის პერსპექტივა.

ფოკუსირება უნდა მოხდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსებაზე, შეიარაღებასა და წვრთნაზე. გერმანია ამ საკითხში კიევის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვაცნობეთ პრეზიდენტ ტრამპს და გამოვთქვით იმედი, რომ აშშ გააგრძელებს არსებითი როლის შესრულებას მხარდაჭერის უზრუნველყოფის, უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებისა და დიპლომატიური პროცესის ფორმირების ძალისხმევაში“, – წერს ფრიდრიხ მერცი.