ევროპელი ოფიციალური პირების ჯგუფი, 8 სექტემბერს, ამერიკელ ოფიციალურ პირებთან ერთად რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის ახალ სანქციებს განიხილავს, – ამის შესახებ Associated Press-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
წყაროს ცნობით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესანტმა ამ თემაზე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ისაუბრა.
გამოცემამ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია უკრაინაში ომის დასრულების შეუძლებლობის გამო. ის უშედეგოდ ცდილობს რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში ტრამპი აპირებდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უკრაინაში ომის დასრულების საკითხში პროგრესის არარსებობის შემთხვევაში, თუმცა ისინი არ დააწესა და ამის ნაცვლად, 15 აგვისტოს ალასკაში პუტინს შეხვდა.