„მაინც რომ გამოვრიცხოთ და დავუკეტოთ სასპეკულაციო ველი როგორც შიდა, ასევე, გარე აქტორებს, ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა ეუთო/ოდირს, დარწმუნებულები ვართ, ისინი ჩამობრძანდებიან“, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის საკითხს.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც შეტევები განხორციელდა ეუთო/ოდირზე მმართველ გუნდა მოუწია მათი დაცვა.
„თქვენ გახსოვთ, წინა არჩევნების საბოლოო ანგარიში ეუთო/ოდირის, როდესაც მან ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ცესკომ მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.
მას შემდეგ ჩვენ მოგვიწია ეუთო/ოდირის რეპუტაციის დაცვა, იქიდან გამომდინარე, თუ როგორი შეტევები ხორციელდებოდა და ის ევრობიუროკრატები, რომლებიც არჩევნებამდე ამბობდნენ, რომ დაეყრდნობოდნენ ეუთო/ოდირის დასკვნას, შემდეგ შეცვალეს, თავისი ჩვენება – უკაცრავად, ჟარგონისთვის და დაიწყეს ეუთო/ოდირის ლანძღვა-გინება. ხან კორუმპირებულ ორგანიზაციას უწოდებდნენ და ასე შემდეგ.
შემდეგ ისინი გვთხოვდნენ, რომ ეუთო/ოდირს რატომ არ იწვევს „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზეო. სწორედ ამიტომ არ ვიწვევდით, რომ არავინ ანგარიში არ გაუწია მის დასკვნას. თუმცა, მაინც რომ გამოვრიცხოთ და დავუკეტოთ სასპეკულაციო ველი თავიდან ბოლომდე, როგორც შიდა, ასევე, გარე აქტორებს, ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა ეუთო/ოდირს ამ არჩევნებთან დაკავშირებით და დარწმუნებულები ვართ, ისინი ჩამობრძანდებიან და დააკვირდებიან თვითმმართველობის არჩევნებსაც“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.