რუსეთს არ შეუძლია საქართველოს მომავლის განსაზღვრა, არამედ ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია გაიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რაც უფრო მეტ დემოკრატიას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს საქართველო, უფრო მეტი წინააღმდეგობა მოდის რუსეთის მხრიდან.
„საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციით ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ გამოწვევებსა და პრობლემებს რუსეთდან – ჰუმანიტარული ვითარება, ადამიანის უფლეების დარღვევა და ყოველდღიური პროვოკაციები მოდის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რაც, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სტაბილურობას, ეკონოკურ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. თუმცა გვჯერა, რომ მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების გზით, კონსოლიდაციისა და საერთაშორისო დახმარების მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ, რომ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვიზიარებთ დემოკრატიულ ღირებულებებს, ამაყები ვართ, რომ გვაქვს შესამჩნევი პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი და როგორც უკვე აღვნიშნე, რაც უფრო მეტს ვაკეთებთ, მით უფრო მეტი აგრესია მოდის რუსეთიდან დეზინფორმაციის, რბილი ძალის ინსტრუმენტების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიური პროვოკაციების გზით,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობითა და ნატოში ინტეგრაციის სტრატეგიული მზაობით, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობითა და საქართველოს მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, საქართველო უსაფრთხოებისა და პროგრესის შენარჩუნებას შეძლებს.
“აიპიენი”