საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის. ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა.
“გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო დაკვირვება გულმოდგინე მომზადებასა და საარჩევნო პროცესის საკვანძო ეტაპებზე წვდომის შესაძლებლბას მოითხოვს, ჩვენს ყოვლისმომცველ მეთოდოლოგიასთან შესაბამისად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ, ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის, ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას. ამისდა მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გავაგრძელებთ ხანგრძლივ თანამშრომლობას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად,” – განაცხადა ტელალიანმა.
განცხადებაში ასევე აღინიშნება, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების დროს ოდირს არაერთხელ აღუნიშნავს დროული მოწვევის მნიშვნელობა სანდო და ყოვლისმომცველი საარჩევნო დაკვირვების უზრუნველსაყოფად.
“როგორც ეუთოს წევრ სახელმწიფომ, საქართველომ ვალდებულება აიღო ჩაატაროს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი დემოკრატიული არჩევნები. მაშინ როდესაც ოდირი კომენტარებს არ აკეთებს არჩევნებზე, რომლებსაც ის არ აკვირდება, ოფისი [ოდირი] გააგრძელებს საქართველოში მოვლენების მონიტორინგს ყველა სფეროში, რომელსაც მისი მანდატი ფარავს, მათ შორის დემოკრატიულ მმართველობაში, ფუნდამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობაში,” – ნათქვამია ოდირის განცხადებაში.