სამწუხაროა, რომ ეუთო/ოდირს დროული მიწვევა არ მიუღია, რათა შესაძლებელი ყოფილიყო საქართველოს მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების შინაარსიანი დაკვირვება, – ამის შესახებ აღნიშნულია პოსტში, რომელსაც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.
უწყება ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის საარჩევნო მთლიანობას.
„საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის საარჩევნო მთლიანობას. ამავდროულად, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ რეპრესიები გრძელდება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა, მარია ტელალიანმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის. კერძოდ, ეუთო/ოდირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე, არჩევნების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე დამკვირვებელთა მოწვევა არ ტოვებს საკმარის დროს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის.