თანამდებობის პირები, რომლებმაც ყველაზე მეტი საჩუქარი მიიღეს – TI

თანამდებობის პირებმა ერთ წელიწადში 22 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს. ამის შესახებ კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.

TI-ის განმარტებით, ორგანიზაციამ სახელმწიფო სექტორში დასაქმებული 6 000-მდე თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. ხოლო კვლევის მიზანს წარმოადგენდა, თუ რა მოცულობის საჩუქრები მიიღეს 2024 წელს შევსებული დეკლარაციების მიხედვით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით გამოიკვეთა შემდეგი:

  • 2024 წელს 308-მა თანამდებობის პირმა აღნიშნა ქონებრივ დეკლარაციაში საჩუქრის მიღება, ჯამში, 22 მლნ ლარის ოდენობით.
  • ნაღდი ფულის სახით 16 მლნ ლარი მიიღეს. საჩუქრად მიიღეს ასევე 33 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი, 21 ავტომობილი და 6 იარაღი.
  • საჩუქრების 72% (16 მლნ ლარი) მშობლებისგან მიიღეს.
  • მაღალი თანამდებობის პირებიდან 100 000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრები მიიღეს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თბილისის საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძემ.
  • ყველაზე მეტი საჩუქარი ჯამური ღირებულებით 4.5 მლნ ლარის ოდენობით პროკურატურის თანამშრომლებმა მიიღეს. პარლამენტის წევრებმა 2.4 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს, შსს-ს თანამშრომლებმა – 2 მლნ ლარის, მოსამართლეებმა კი 1.3 მლნ ლარის.

„თანამდებობის პირები საჩუქარს ყველაზე ხშირად ნაღდი ფულის სახით იღებენ. 2023 წელს 303-მა პირმა ჯამურად 16 მლნ ლარამდე მიიღო, რაც ერთ პირზე საშუალოდ 53 ათასი ლარია. თუმცა, საჩუქრად მიღებული თანხები განსხვავებულია და ამ სიიდან 55 თანამდებობის პირს 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხა. ასევე, თანამდებობის პირებმა 47 ერთეული უძრავი ქონება მიიღეს საჩუქრად, საიდანაც 33 საცხოვრებელი სახლია, ხოლო 14 მიწის ნაკვეთი. საჩუქრებში დაადეკლარირეს ასევე 21 ავტომობილი და 6 იარაღი.

2023 წელს საჩუქრები 90-მდე სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებმა მიიღეს. ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების საჩუქრები საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა მიიღეს, 46-მა თანამშრომელმა ჯამში, 4.5 მლნ ლარის საჩუქრები მიიღო. შემდეგ მოდის პარლამენტის წევრები, რომლებმაც ჯამში, 2.4 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს, შსს-ს თანამშრომლებმა 2 მლნ ლარამდე მიიღეს, მოსამართლეებმა 1.3 მლნ ლარის.

2023 წელს, მაღალი თანამდებობის პირებიდან მსხვილი საჩუქრები მიიღეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა – 150 000 ლარი, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა რატი ბრეგაძემ – 100 000 დოლარი (ბინა), იუსტიციის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა – 160 000 ლარი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ – 60 000 დოლარი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძემ – 50 000 დოლარი. ყველა მათგანმა საჩუქარი ოჯახის წევრისგან მიიღო,“ – აღნიშნავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

რაც შეეხება 10 თანამდებობის პირს, რომელმაც 2024 წლის დეკლარაციების მიხედვით ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო, ორგანიზაციის კვლევის შედეგები ასეთია:

გიორგი შაფათავა (საქართველოს პროკურატურა, თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი) – 1 012 000 დოლარი (2023 წლის ლარის საშუალო კურსით 2 661 600 ლარი) მიიღო საჩუქრად. 870 000 დოლარი მამისგან მიიღო, ხოლო 142 000 დოლარი დისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მამისგან საჩუქარი უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიიღო.

ირაკლი კირცხალია (საქართველოს პარლამენტის წევრი) – 2023 წელს 250 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება მიიღო მამისგან საჩუქრად. ასევე, მამისგან მიიღო საჩუქრად 185 900 დოლარი და 137 000 ლარი ფულადი თანხა. დისგან მიიღო 1 714 დოლარი ფულადი თანხა. 2023 წლის ლარის საშუალო კურსით, ირაკლი კირცხალიამ 1.3 მლნ ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღო.

ვახტანგ ბააკაშვილი (სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“, ხელმძღვანელის პირველი მოადგილე) – ვახტანგ ბააკაშვილის მეუღლემ თინათინ მეგრელიშვილმა მამისგან 295 000 დოლარის ღირებულების ბინა მიიღო საჩუქრად, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 775 800 ლარია.

ხათუნა თოთლაძე (საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე) – 250 000 დოლარი მიიღო დედისგან, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 657 500 ლარია.

დავით წერეთელი (თბილისის საქალაქო სასამართლო, მოსამართლე) – 2023 წელს 156,000 დოლარის ღირებულების ბინა მიიღო დედისგან საჩუქრად, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 410,000 ლარია.

ლევან გამყრელიძე (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორი) – 150 000 დოლარის ფულადი თანხა მიიღო დედისგან საჩუქრად, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 395 000 ლარია. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ დედისგან საჩუქარი მიწის ნაკვეთის გასხვისების შედეგად მიიღო.

ზურაბ პატარაძე (საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი) – 75 000 დოლარი ფულადი თანხა მეუღლის დედისგან მიიღო, ხოლო 65 000 დოლარი დედისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ორივე თანხა უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიიღო. 2023 წლის ლარის საშუალო კურსით, ზურაბ პატარაძემ 368 000 ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღო.

სანდრო ცაბუტაშვილი (შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსი) – დისგან მიიღო 142 500 ლარის და 17 640 დოლარის ფულადი თანხა. 70, 00 ლარი სიმამრისგან მიიღო (მითითებულია, როგორც საქორწინო საჩუქარი). მისმა მეუღლემ ელენე ჯიხვაშვილმა მამისგან მიიღო 63 000 ლარის, 10 100 ევროს და 1 200 დოლარის ფულადი თანხები. 2023 წლის ლარის საშუალო კურსით, სანდრო ცაბუტაშვილმა და მისმა მეუღლემ 353 000 ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღეს.

ვეფხია ლომიძე (თბილისის სააპელაციო სასამართლო, მოსამართლე) – მეუღლისგან ნინო ჯინჭარაძისგან 300 000 ლარის ღირებულების სარდაფი (კომერციული ფართი) მიიღო საჩუქრად.

დავით ზილფიმიანი (საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი) – შვილიშვილისგან 105 000 დოლარის ფულადი თანხა მიიღო საჩუქრად, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 276 000 ლარია.