საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – ევროპული გაერთიანება პეტერ ფიშერს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ევროპული გაერთიანება გერმანიის ელჩს საქართველოში პეტერ ფიშერს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ მისია ინფორმაციას X-ზე ავრცელებს.

„ჩვენი სოლიდარობა გერმანიის ელჩს. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, ევროკავშირი უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების როლისა და საქმიანობის შესახებ საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირის მისია პეტერ ფიშერის პოსტს აზიარებს, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატს მხარდაჭერას უცხადებს.

„გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ დეზინფორმაციისა და იმ ნარატივების გავრცელების გამო, რომელიც ხალხს ყოფს, ის აქტიურად უთხრის ძირს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გერმანიის ელჩის მიმართ აგრესიულ რიტორიკას. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის პოზიციებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებული ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც გერმანიის ელჩი პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც მან მხარდაჭერა გამოუცხადა, „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბს ფაშისტური ყიჟინით თავს ესხმოდნენ.