აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის ჯონ კოულის ხელმძღვანელობით ამერიკული დელეგაცია ბელორუსის დედაქალაქ მინსკში 11 სექტემბერს ჩავიდა. შეხვედრის დროს მან განაცხადა, რომ აშშ-მა ბელორუსულ ავიაკომპანია „ბელავიას“ სანქციები მოუხსნა, – იუწყება სახელმწიფო სააგენტო BELTA.
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ავიაკომპანიისთვის სანქციების „დაუყოვნებლივ“ მოხსნის ბრძანება გასცა.
„მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ ჩვენ მოვუხსენით სანქციები „ბელავიას“. ეს ოფიციალურია. შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, შეხვედრას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო და თქვა: „გააკეთეთ ეს დაუყოვნებლივ“, – აღნიშნა კოულმა.
ტრამპის წარმომადგენელმა დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და დამტკიცებულია ამ სამუშაოში ჩართული ყველა შესაბამისი სამინისტროსა და სააგენტოს მიერ: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ვაჭრობის დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს და ა.შ.
მან, ასევე, განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს „ნამდვილად სურს ბელარუსთან ურთიერთობების ნორმალიზება“.
„ჩვენ ნამდვილად გვსურს ბელარუსის რესპუბლიკასა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება და მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ნორმალიზაცია მოხდეს. სანქციების მოხსნა, რომელიც ახლახან გამოვაცხადეთ ამ შეხვედრაზე, მხოლოდ დასაწყისია“, – დასძინა მან.