პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დროა ტრამპმა დაინახოს, რომ პუტინი მას დასცინის

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთში რუსულ დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ დროა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაინახოს, რომ რუსეთის .ლიდერი ვლადიმერ პუტინი მას დასცინის.

სიკორსკიმ იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიხვდება, რომ რუსეთის პრეზიდენტთან „მეგობრული შეთანხმების“ მიღწევის მცდელობა უპერსპექტივოა და შეცვლის თავის მიდგომას.

სიკორსკი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი მოსკოვს სანქციებს დაუწესებს.

„დროა პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახოს, რომ პუტინი მას დასცინის. ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად ის სულ უფრო მეტ დრონს უშვებს ჯერ უკრაინის, ახლა კი ნატოს წინააღმდეგ. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ამ პროცესის ბოლოს ვიხილავთ სერიოზულ კოორდინირებულ ქმედებებს. პუტინს რეაქცია მხოლოდ მკაცრ ნაბიჯებზე ექნება. პუტინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბოროტად იყენებდა პრეზიდენტ ტრამპის კეთილგანწყობას“, – თქვა სიკორსკიმ.