საჯარო სამსახურის მოხელეთა ხელფასების მატებამ კატასტროფულად გაზარდა ფასები

პრემიერ-მინისტრმა გაგვახარა — საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ ა.წ. ივლისამდე 8%-ი შეადგინა და გაუსწრო ევროპის ქვეყნებსო. მისასალმებელი ფაქტია, მოსახლეობის კეთილდღეობას რომ ეხებოდეს. ბოლო 13 წლის განმავლობაში რამდენი ასეთი „წარმატება“ დაგვიფიქსირა ხელისუფლებამ, მაგრამ არც ერთი მათგანი რიგითი მოქალაქის კეთილდღეობას არ შეხებია. შეეხო მათ, ვინც ხელისუფლებაშია — ხელფასების უზომო მატებით და მათ, ვინც ბიზნესშია.

საჯარო სამსახურის მოხელეთა ხელფასების მატებამ კატასტროფულად გაზარდა ფასები კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, პირველადი მოთხოვნილების საგნებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ტრანსპორტზე, … ყველა სახის მომსახურების სფეროზე. სახლში ონკანის მწყობრიდან გამოსვლა, რომელიც არა მარტო ახალი ონკანის შეძენის აუცილებლობის წყაროა, არამედ სანტექნიკოსის მიერ გამოცხადებული უზომო თანხების წინაშე დაზარალებულის დაყენებაც.

განაჩენი უმოწყალოა — ლამის პენსიონერის პენსიის ნახევარი, მაგრამ თუ ონკანის გარდა სხვაც, მაგალითად, მილიც გამოსაცვლელია — ოჯახურმა ტრაგედიამ კულმინაციას შეიძლება მიაღწიოს. სხვა მომსახურეობაზე, მაგალითად ავტომანქანის შეკეთებაზე ლაპარაკიც არ ღირს — ავისმომასწავებელი თანხების გამო.

ახლა ნახეთ, რა ღირს ექიმთან კონსულტაცია?

50-60 ლარი, რომელიც ექიმთან დალაპარაკებას სჭირდება. მკურნალობა და მედიკამენტები სხვა თანხებია და ა.შ. და ა.შ. მშიერ და ცხოვრების უკუღმართობით გათანგულ მოსახლეობას, რომ ეტყვი ეკონომიკური წარმატებების მაღალ პროცენტებზე, ერთ ყურში შეუშვებს და მეორედან გამოუშვებს, ვინაიდან მას ამის არ სჯერა. ის მიეჩვია ასეთ ზღაპრებს შევარდნაძისგან, სააკაშვილისგან, ივანიშვილისგან, ივანიშვილის მიერ დანიშნული ყველა პრემიერ მინისტრისგან.

ასე რომ, სახელისუფლებო „პლასტინკაა“ შესაცვლელი, ვინაიდან გაცვდა და ცუდად ისმინება. ხელისუფლება კი ისევ ძველს ატრიალებს, ძველებურად. იმის თავიც არ აქვს , რომ სიახლე შეიტანოს აბსტრაქციაში.

პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკური წარმატება ოპტიმიზაციის და სახელმწიფო ბიუჯეტის ყაირათიანი, რაციონალური ხარჯვის შედეგია და ჩამოთვალა სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, რომლებმაც განახორციელეს შტატების შემცირება. მისი განცხადებით, სახელმწიფო კანცელარიამაც განიცადა შეკვეცა, ისე, როგორც სამინისტროებმა, მათ შორის საგარეო საქმეთამაც.

აღნიშნული სამინისტროს ყოფილ მუშაკს კარგად მომეხსენება მისი სტრუქტურა, რომელიც პირადად ჩემი ჩამოყალიბებულია მინისტრ ალექსანდრე ჩიკვაიძის დროს — 1993-94 წლებში. სამინისტროს სტრუქტურის შესაქმნელად რუსეთის საგარეო უწყებაში მომიწია კონსულტაციის გავლა, ისე, როგორც თურქეთის. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. შეიცვალა პოლიტიკა, ცხოვრება, რამაც გავლენა იქონია საგარეო უწყებაზეც, მაგრამ სტრუქტურა დარჩა.

1994-5 წლებში საქართველოს 2-3 საელჩო და საკონსულო დაწესებულება ჰქონდა უცხოეთში. დროთა ვითარებაში გამრავლდა, განსაკუთრებით სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. მისი სურვილი იყო საქართველოს ყველა ქვეყანაში ჰქონოდა დიპლომატიური წარმომადგენლობა, რაც განხორციელდა კიდევაც — არა სრულად, მაგრამ საგრძნობლად, ისეთი მწირი ბიუჯეტის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

ასე და ამრიგად, ისეთ ქვეყნებში გაიხსნა ჩვენი წარმომადგენლობები, რომლებთანაც საქართველოს არც ისტორიული, პოლიტიკური ურთიერთობები აქვს და არც სავაჭრო-ეკონომიკური.

სულ ახლახანს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიხსნა საელჩო, სადაც ელჩად დაინიშნა ბერიძე — მრავალი წლის განმავლობაში დიპლომატიაში მომუშავე. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის არსებობის შესახებ საქართველოს მოსახლეობას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. დარწმუნებული ვარ, ე.წ. ქართულ დიპლომატიასაც. რა უნდა გააკეთოს საელჩომ იქ? რით უნდა შეიქციონ თავი დიპლომატმა?

საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს პოლიტიკური საკითხების მიმღებ მხარესთან შეთანხმება არ უწევთ — ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე, მაგალითად რა კავშირები აქვს ქართულ პოლიტიკას მადაგასკართან, თუნდაც პორტუგალიასთან ან ავსტრალია-ახალ ზელანდიასთან?

სხვაა საკონსულო სამსახური, თუმცა აქაც მასპინძელ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობაა გასათვალისწინებელი. ასე რომ, რამდენიმე ქვეყნის გარდა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა დიდი ფუფუნებაა, სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვაა, თუნდაც ისეთ ქვეყანაში, როგორიც იტალიაა, სადაც ქართული დიასპორა მნიშვნელოვანია. იქ საკონსულო სამსახურის გარდა საელჩოს არსებობა ზედმეტად მიმაჩნია.

არაერთხელ შევსწრებივარ, სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი დიპლომატების „მუშაობას“. მათი საქმე ისაა, უყურონ ქართულ ტელეგადაცემებს. რაც შეეხება ადგილობრივს, მათი ინტერესის საგანი არ არის. ენის დაბალი ცოდნის გამო. იქ მყოფი დიპლომატი აქაური ცხოვრებით ცხოვრობს. მას იქაური არ აინტერესებს. ეს, ყველას არ ეხება. არიან გამონაკლისებიც.

იქ მომუშავე დიპლომატი მასპინძლის პოლიტიკაში უნდა იყოს ჩახედული, უნდა აინტერესებდეს მასპინძლის ხელოვნება, კულტურა, სპორტი, სამეცნიერო მიღწევები და ა.შ. უნდა ესწრებოდეს სპექტაკლებს, ღონისძიებებს, ეცნობოდეს მუზეუმებს, საწარმოებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს; ჰქონდეს კონტაქტები არა მარტო იქაურ დიპლომატებთან, პოლიტიკოსებთან, მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის, სპორტის, მედიის წარმომადგენლებთან. ის, იქაური ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს. ის უნდა ფლობდეს იქაურ ინფორმაციას და ატყობინებდეს ცენტრს — საგარეო უწყებას.

მახსოვს იტალიაში საქართველოს ელჩის თავართქილაძის წუხილი ახალდანიშნული დესპანის მიმართ — კოტე ჟღენტის — დილიდან დაწყებული თბილისთან სატელეფონო ლაყბობით არის დაკავებული, სხვა არაფერი აინტერესებსო, რაც საელჩოს ფული ჰქონდა სატელეფონო საუბრებში დახარჯაო. იყო რომში და არ გაინტერესებდეს ქალაქი-მუზეუმი — დანაშაულია.

13 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა — საფრანგეთში ცხოვრების დროს სულმოუთქმელი ველოდი სატელევიზიო-იუმორისტულ შოუს „დარდუბალასო“. პარიზში — ხელოვნებისა და კულტურის მსოფლიო ცენტრში „დარდუბალას“ მომლოდინის საერთო განათლების დონე კრიტიკის ღირსიც არ არის.

სერიოზულად არის გადასახედი თვით სამინისტროს მუშაობის სტილი, ისე, როგორც საელჩოების, საკონსულო დაწესებულებების. დიპლომატიისთვის უცხოა დიპლომატის მიერ სტატიების გამოქვეყნება, ინტერვიუების მიცემა, მაგრამ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დასაშვებად მიმაჩნია, უფრო მეტიც — სავალდებულოდ.

საზღვარგარეთ მომუშავე დიპლომატებს უნდა ევალებოდეთ სტატიების გამოქვეყნება სახელმწიფო ბეჭდვით ორგანოში — ასეთის არსებობის შემთხვევაში, მაგრამ საქართველოში, სახელმწიფო ბეჭვდითი ორგანო რომ არ არსებობს?

უნდა არსებობდეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევეშვათ დემოკრატობანას თამაშს. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისი ბეჭდვითი ორგანო, ისე, როგორც რადიო-ტელევიზია.

დიპლომატიაში შემოღებულმა პრაქტიკამ არა მარტო როტაციულ პროცედურას მიაყენა ზიანი, არამედ ხელი შეუწყო უცხოეთში მომუშავე დიპლომატების გაუმართლებელ თავდაჯერებულობას.

ელჩების და საელჩოებში მომუშავე დიპპერსონალის უცხოეთში ხანგრძლივი მივლინების ვადა არ უნდა სცილდებოდეს 3 წელს. რა გვაქვს?

ერთ ქვეყანაში ელჩის 4 წლით აკრედიტაცია, ხშირად მეტი ხნითაც, შემდეგ სხვა ქვეყანაში გადაყვანა, ასევე 4 წლით. შემდეგ სხვაში. ელჩად დანიშნული ნათესავი მინიმუმ 12 წლის განმავლობაში იმყოფება საზღვარგარეთ — აქაურ მოქალაქესთან შედარებით ფუფუნებაში — სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ლაზღანდარობაში. ამ მანკიერებას ბოლო უნდა მოეღოს.

ზემოთ ვახსენე დიპლომატების მიერ სტატიების წერის თაობაზე, არა მარტო ადგილსამყოფელი ქვეყნის პოლიტიკის, ეკონომიკის, ხელოვნების, კულტურის, ისტორიის, ღირსშესანიშნაობების შესახებ, არამედ რეკომენდაციებით — რა დარგში შეეძლება აქტიური კავშირების დამყარება საქართველოს მასთან.

საზოგადოება ძალაუნებურად გაეცნობა უცხოეთში მომუშავე თავისივე დიპლომატის განათლების დონეს, წერის და აზროვნების მანერას. თუ მართლაც დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება გვსურს, მედიასთან კონტაქტი არა მარტო დიპლომატებს უნდა ჰქონდეთ, არამედ შინ მომუშავე სახელმწიფო მოხელეებსაც.

გავიხსენებ პირად ისტორიას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროფესორ ილია ტაბაღუას ინიციატივით გადამიყვანეს. თვით ბატონი ილია მოსკოვის დიპლომატიური აკადემიის დამთავრების შემდეგ საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა მინისტრის არჩილ გიგოშვილის თანაშემწე იყო და იმავდროულად მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი.

ბატონი ილია ნაყოფიერად იკვლევდა საზღვარგარეთის ქვეყნების არქივებში არსებულ ისტორიულ დოკუმენტებს საქართველოს შესახებ. მან არაერთი საინტერესო წიგნი გამოსცა აღნიშნულთან დაკავშირებით. დიპლომატმა ილია ტაბაღუამ წარმატებით იმუშავა საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, ავღანეთის, სხვა ქვეყნების არქივებში, რითაც გაამდიდრა საქართველოს ისტორია — მანამდე ჩვენთვის უცნობი დოკუმენტებით.

ბატონი ილია სისტემატურად გამოდიოდა საქართველოს ტელევიზიით — საერთაშორისო საკითხების მაყურებლისთვის გასაცნობად. ის, ტელევიზიის საერთაშორისო მიმომხილველი იყო, თანამშრომლობდა საზოგადოება „ცოდნასთან“, იბეჭდებოდა ამ ორგანოს ბეჭდვით გამოცემაში. სწორედ ბატონი ილიას დავალებით დავწერე პირველი სტატია დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაზე ჩრდილო ირლანდიასთან მიმართებაში. როგორც ჩანს, „ცოდნის“ ხელმძღვანელობას მოეწონა სტატია და მთხოვა სისტემატურად მეთანამშრომლა მასთან. გავხდი „ცოდნის“ ლექტორი, საერთაშორისო მიმომხილველი. იქიდან მოყოლებული ჩემი სტატიები სისტემატურად იბეჭდებოდა გაზეთ „კომუნისტში“, სხვა ცენტრალურ გაზეთებში. ასე რომ, დიპლომატიაში მუშაობას ხელი არ შეუშლია საერთაშორისო მიმომხილველობაში, პირიქით გაამდიდრა ჩემი ცოდნა საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიტიკის მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ საბიუჯეტო ხარჯების მომჭირნეობით ხარჯვაზე ილაპარაკა და აღნიშნა სახელმწიფო ორგანოებში შტატების შემცირება. რჩევის სახით, ვიტყვი, რომ ნახევარი ნაბიჯია. სრული მაშინ იქნება, როდესაც გაუქმდება აფხაზეთის უზენაესი საბჭო, მინისტრთა საბჭო — თავისი სამინისტროებით, რომლებიც თბილისში ფუნქციონირებენ. სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი აფხაზეთის ხელისუფლება თბილისში — ფულის უაზრო ფლანგვაა, ხელს უშლის აფხაზეთის ნამდვილ მთავრობასთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ძნელი აღსაქმელია მთავრობა ტერიტორიის გარეშე. ასეთია აფხაზეთის ხელისუფლება თბილისში.

მოდით ვიფიქროთ აბსტრაქტულად და წარმოვიდგინოთ აფხაზეთთან ურთიერთობების დამყარება — ამ შემთხვევაში აქ არსებული აფხაზეთის ხელისუფლების სოხუმში გადაბარგებას აქვს რაიმე შანსი?

ჩემსავე დასმულ კითხვას, ვპასუხობ — არავითარი!

ლტოლვილი აფხაზეთის ხელისუფლების დამფუძნებელი შევარდნაძე იყო, რომელსაც რაღაცნაირად სურდა აფხაზეთში ომის გაჩაღებისა და მასში დამარცხების სანაცვლოდ ლტოლვილი აფხაზების დაშოშმინება. მან არა მარტო აფხაზეთის ხელისუფლება შექმნა, შერიგების სამინისტროც დააარსა — ამორფული ორგანო, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს.

მეტყვიან — პოლიტიკური გათვლის გამო არსებობს თბილისში აფხაზეთის ხელისუფლებაო, თანაც ლტოლვილების საკითხებს აგვარებსო. 1992 წლიდან არსებობს თბილისში აფხაზეთის ხელისუფლება, საქართველოს პარლამენტშიც იყვნენ მრავალი წლის განმავლობაში — არვის მიერ არჩეული აფხაზეთის დეპუტაცია, რასაც წერტილი სააკაშვილმა დაუსვა, თუმცა აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება გადაურჩა მის რისხვას.

რაც შეეხება ლტოლვილთა პრობლემების მოგვარებას — აფხაზეთის ხელისუფლება არ სჭირდება. ლტოლვილები საქართველოს მოქალაქეები არიან და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს მათი საკითხები.

გერმანიაში 5 მილიონზე მეტი თურქი ცხოვრობს, ისინი გერმანიის მოქალაქეები არიან. არც ერთ მათგანს არ დაუსვამს საკითხი — თურქეთის მთავრობის შექმნა გერმანიაში მცხოვრები თურქებისთვის საკითხების მოსაგვარებლად. ასე რომ, აბსურდულია თბილისში აფხაზეთის ხელისუფლების ფუნქციონირება.

საქართველოს ხელისუფლება ჯერაც თინეიჯერულ ასაკშია — სპორტით გატაცებული. გატაცება პიროვნების გუნება-განწყობილების გამომხატველია. ზოგს ფეხბურთი უყვარს, ზოგს კალათბურთი, ზოგსაც ტანვარჯიში და ა.შ., მაგრამ ხელისუფალთა გატაცება საზღვრებს ლახავს და ქვეყნის ბიუჯეტს ანიავებს. რა აზრი აქვს კობახიძის მიერ გამოცხადებულ ყაირათიანა ხარჯვას, თუკი რომელიღაც სპორტსმენის ან გუნდის ოდნავი წარმატებისთვის მილიონობით ლარით აჯილდოებ?

ჯერ ფეხბურთელებს მიეცათ წასახალისებელი თანხები, ახლა კალათბურთელებს 3 მილიონი ლარი. დათქმით — მოიგებთ, თანხას გავიმეორებთო. არადა, როგორც ფეხბურთელები, ისე კალათბურთელები უცხოეთში თამაშობენ და კარგი ანაზღაურებაც აქვთ. ფულადი საჩუქარი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ან ინდივიდი სამი საპრიზო ადგილიდან ერთს დაიკავებს.

საქართველოს და მის ხელისუფლებას უამრავი პრობლემები აქვთ. ყველა მათგანი უკავშირდება სოციალურ საკითხებს და პოლიტიკურსაც — არჩევნების სახით. 4 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები,  როგორც ჩანს დემონსტრაციებისა და მიტინგების ფონზე ჩატარდება, რომელიც არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება. მომიტინგეებს არა მარტო ოპოზიცია კვებავს, არამედ დასავლეთიც, რომელიც რახანია ებრძვის „ოცნების“ ხელისუფლებას და დამხობით ემუქრება.

დასავლეთი, შემოდგომის ბუზივით მწარედ იკბინება — პოზიციების დათმობის წინ. ერთპოლუსიანი მსოფლიო მრავალპოლუსიანით იცვლება, რაც დავინახეთ ჩინეთის ტიანძინში  ჩატარებული „შოსის“ შეკრებისა და პეკინის სამხედრო პარადის დროს.

მზად არის დასავლეთი შეეგუოს ჰეგემონიზმის დათმობას?

არა, პატივცემულებო! დასავლეთი იოლად არ დათმობს პოზიციებს, იბრძოლებს ბოლომდე — „ფერადი რევოლუციების“ მოწყობით. სერბეთში, ნეპალში, ისრაელის საჰაერო თავდასხმით დოხაზე, უკრაინაში ნეოფაშისტური ომის გაგრძელებით; რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებით, ტერორისტული აქტებით, ათასი სახის სიბინძურით.

ხელისუფლება საქართველოსი ისეთია, გულზე ცოტას რომ ეხატება. პატარა ნაპერწკალია საჭირო ხანძრის ასაგიზგიზებლად — მაგალითი ნეპალია.

დაძაბულობა სუფევს ჩვენს მეზობლებშიც, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ასეთ ვითარებაში თავშეკავებული, გონივრული ნაბიჯის გადადგმაა საჭირო და არა თავდაჯერებული ყელყელაობა, ბაქიბუქობა, მუქარა ოპოზიციის მიმართ. საზოგადოება გააღიზიანა სამეგრელოში კალაძის ძვირფასი ავტომანქანა „ფერარით“ ჩასვლამ, „ნაკოლკებიანი“ სხეულის დემონსტრირებამ, ძვირფასი „ტრუსებით“ ხვანცალმა და ა.შ.

მიტინგების ეპიცენტრი გახდა კალაძის საარჩევნო შტაბ-ბინა სასტუმრო „საქართველოში“. არც კალაძეს და არც მის გუნდს არ უფიქრიათ, რომ ქალაქის ცენტრში გახსნილი პომპეზური შტაბ-ბინა დაპირისპირების ადგილად გადაიქცეოდა პოლიციასა და მომიტინგეთა შორის. არც ერთ მათგანს არ უფიქრია, რომ მელიქიშვილის ქუჩის გადაკეტვა, რასაც სისტემატურად აქვს ადგილი, ენით აუწერელ დისკომფორტს უქმნის თბილისელებს. არადა, ეს გაუსაძლისობა 4 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დისკომფორტია ქუჩების მთელ სიგანეზე გადაჭიმული კალაძის პორტრეტები. და ეს ყველაფერი არაკონკურენტულ გარემოში. ვინ ჰყავს კალაძეს კონკურენტი? ვის ეცილება ის მერობას ან ვინ ეცილება მას მერობაში?

ასეთი არ ჩანს. მაშ რა საჭიროა ესოდენ მომაბეზრებელი თვითრეკლამა, თანხების ფლანგვა?

გამოდის, რომ კობახიძის ნათქვამი სიტყვა „მომჭირნეობა“ სარეკლამო გასროლაა და მეტი არაფერი!

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი