„ისტორიულად დაბალი მიმართვიანობა იყო – ხორბლის ჩაბარების ფასი არ აწყობდათ ფერმერებს და ფასის მატებას ელოდებიან“

„ალოობა დასრულებულია. მთლიანობაში ბოლო შემაჯამებელი მონაცემები იმ კვირიის ბოლოს გვეცოდინება, როგორი იყო მოსავალი. გვეცოდინება, რა რაოდენობის სასურსათო და არასასურსათო ხორბალი არის ჩაბარებული და რა რაოდენობის არის შენახული ფერმერების მიერ. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ყალიბდება ე.წ. ბალანსი, რომ ვიცოდეთ როგორ ჩაიარა წლევანდელმა მოსავალმა.

წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 200 ათას ტონას ელოდებოდნენ, ეს იყო ჯამში სასურსათო დ არასასურსათო ხორბალი, თუმცა სტატისტიკა მიახლოებითია, რადგან ფერმერებს არ აქვთ ვალდებულება მონაცემები სტატისტიკის დეპარტამენტს გაუზიარონ,“ – განაცხადა სილაგავამ.

მისი თქმით, ხარისხობრივად წელს საფურაჟე ხორბალი ჭარბობს, რადგან ხორბლის მოსავალს ხელი ამინდმა არ შეუწყო.

„ხარისხის მიხედვით საფურაჟე უფრო მეტი გამოვიდა, რადგან დასაწყისშივე ამინდმა არ შეუწყო ხელი ხარისხიანი ხორბლის მოყვანას, ამიტომ ნაწილი გადავიდა არასასურსათოში, ხოლო სასურსათო არ იყო იმ რაოდენობის, როგორიც იყო შარშან. ამან დაღი დაასვა ხორბლის რაოდენობრივ ჩაბარებას, შესაბამისად მიმართვიანობა იყო ისტორიულად დაბალი, რაც ბოლო წლებში ვიცით.

ჩვენია ასოციაციის წევრებმა ჩაიბარეს 7-8 ათასი ტონა ხორბალი, მაშინ, როცა შარშან ეს რიცხვი იყო 25 ათასი ტონას ფარგლებში. ამის მიზეზი იყო ის, რომ ხორბლის ჩაბარების ფასი არ აწყობდათ ფერმერებს, მათი აზრით ის იყო დაბალი. აქვე მინდა ვთქვა, რომ ხორბლის ჩაბარების ფასი ყალიბდება იმპორტული შესაბამისი ხარისხის ხორბალთან შესაბამისობაში.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შარშანდელთან შედარებით ჩასაბარებელი ფასი იყო 5 თეთრით მეტი – შარშან ღირდა 65 თეთრი, წელს კი 70 თეთრიდან იწყებოდა,“ – აღნიშნა ასოციაციის დირექტორმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ფერმერების დიდ ნაწილს ხორბალი შენახული აქვს და ისინი ფასის მატებას ელოდებიან.