საქართველოში ყოველი მე-3 ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს

საქართველოში ბავშვთა სიღარიბე უკვე წლებია სერიოზული პრობლემაა. მიუხედავად არაერთი პროგრამისა, დღემდე ამ გამოწვევის დაძლევა ვერ მოხერხდა. მეტიც, წლიდან წლამდე ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება. თუ ორიოდე წლის წინ ყოველი მე-5 ბავშვი ცხოვრობდა აბსოლუტურ სიღარიბეში, ბოლო მონაცემებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრება ყოველ მე-3 ბავშვს უწევს.

უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, აგვისტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობას 278 628 ბავშვი იღებს (0-დან 18 წლის ჩათვლით), სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით კი ამ ასაკობრივ ჯგუფში სულ 880 633 ადამიანია რეგისტრირებული. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოში ყოველი მე-3 ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

რაც შეეხება ზოგადად სიღარიბის მაჩვენებელს, 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით საქართველოში საარსებო შემწეობას 708 764 ადამიანი იღებდა. აქედან 465 570 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 243 194 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა სიაშია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.