სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტოებმა საზოგადოება შეძრა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხემაღალსა და ღვერკში მიწა დანაპრალებულია, გზები ჩავარდნილი, სახლები კი დაცარიელებული. ფოტოები სოციალურ ქსელში მარადი გელაშვილმა გამოაქვეყნა. ის წარმოშობით სოფელ ღვერკიდანაა, მაგრამ ახლა თბილისში ცხოვრობს. ინტერვიუზე სწორედ მას დავუკავშირდი, რათა უშუალოდ მისგან მოგვესმინა, რა მოხდა სინამდვილეში.
მარადი გელაშვილი დეტალურად გვიყვება, როგორ დაიწყო ეს ტრაგედია მაისის ბოლოს, როდესაც მიწის პირველი ბზარები გაჩნდა და როგორ იქცა ეს ბზარები ნელ-ნელა დამანგრეველ მეწყრულ პროცესებად. მისი თქმით, ამ ტრაგედიის მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, რკინიგზის მშენებლობაა, რომლის ფარგლებშიც მთის ფერდობზე აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა
– ორივე სოფელში დაახლოებით 107 ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა. ძირითადად ბიძაშვილები, არამარტო ხემაღალში, ღვერკშიც იგივე მდგომარეობაა და ზოგ მონაკვეთში უარესი. პირველად ბზარები 26 მაისს შენიშნეს საკუთარ ნაკვეთებში, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევიათ. 1-ელ ივნისს პირადად მე შევამჩნიე ორი ჩავარდნილი მონაკვეთი ჩვენი სოფლის გზაზე. ვენახი გავაშენე და ხშირად მიწევდა იქ ასვლა. მახსოვს, მანქანით რომ ავდიოდი, რაღაც მონაკვეთზე გაუჭირდა. რომ გადმოვედი მანქანიდან, ვნახე რომ ბზარები იყო. ერთ კვირაში ბზარები ბევრგან გაჩნდა.
– რას უკავშირებთ მეწყრულ პროცესებს?
– 95%-ით დარწმუნებული ვარ რკინიგზის გაყვანის ბრალია. არ გვინდა, რომ ჩვენც ვცდებოდეთ და ვინმე დავადანაშაულოთ. 2019 წელს რკინის მონაკვეთისთვის ფერდი ჩამოჭრეს, აფეთქებები მიმდინარეობდა, 2021-2022-ში კიდევ ისმოდა ხმები და შემდეგ მანდ დამთავრდა. 16 ივნისს ისევ ჩავედი, დავასურათე ყველაფერი, დავსვით ნიშნულები, გადავიღე ნაპრალები. შემდეგ ჩავედი გამგეობაში და სოფლის სახელით მოვთხოვე რეაგირება. 23 ივნისს ამოვიდა გეოლოგების პირველი ჯგუფი ხემაღალში და ხუთ დღეში ღვერკში. ნაპრალი მთის ჩამოჭრილი მონაკვეთიდან იწყება და ორ სოფელს უვლის და მდინარის პირას იკარგება. პირველი ჯგუფი პირად საუბარში გვიდასტურებდა, რომ შესაძლებელია ეს მართლაც რკინიგზაზე მიმდინარე სამუშაოების ბრალი იყო.
რეკომენდაცია გაიცა, რომელ სახლებში აღარ უნდა ეცხოვრა ხალხს, რომელი იყო წითელი ზონა. ასევე ჩაწერეს რეკომენდაციებში რომ სადრენაჟეები უნდა გაკეთებულიყო, გამაგრებები, დროულად უნდა მოეხდინა რეაგირება სახელმწიფოს. ამის შემდეგ ერთი თვე დაიკარგა იმაში, რომ სახელმწიფოს ეპოვა კომპანია დამატებითი კვლევებისთვის. რამდენიმე კომპანიას შესთავაზეს და ეს კვლევები 600 ათასი ლარიდან ნახევარ მილიონ ლარამდე ჯდებოდა.
მერმაც დაგვიდასტურა შეხვედრაზე, მაგრამ რაიონს არ აქვს მაგის საშუალებაო და საბოლოოდ შემოიყვანეს კომპანია 148 ათას ლარად, რომელსაც ხელშეკრულება დაუდეს თითქოს ეს უნდა ყოფილიყო კომპლექსური კვლევა. დავალებული ჰქონდათ 25 მეტრზე ჩასვლა რვა ადგილზე, ეს არაფრის მომცემი არ არის, 25 მეტრზე ისედაც ჩასულია მიწა.
საბოლოოდ იქით მივდივართ, რომ თუ თავის დროზე არასწორად ჩამოჭრეს მთის ფერდი და კვლევა არ ჩაუტარებიათ, ვითხოვთ დოკუმენტს და არ გვაძლევენ. 2021 წელს ორივე სოფელი გეოლოგთა საიტზე წითელ ზონად გამოცხადდა, რის საფუძველზე, არ ვიცით, ამ დოკუმენტსაც არ გვიჩენენ.
– ახლა სად ცხოვრობს ამ ორი სოფლის მოსახლეობა?
– ხალხს უთხრეს, წადით, ბინა მოძებნეთ და ჩვენ გადაგიხდით 200-300 ლარამდეო. ეს, რა თქმა უნდა, გავაპროტესტეთ. მოთხოვნა რომ გაჩნდა, ყველამ აწია ფასები ბინებზე. დაგვპირდნენ, რომ ქირის თანხას 500 ლარამდე გაზრდიდნენ. პირველ თვეში ჩაურიცხეს ხალხს ათასი ლარი, 500 ლარი იყო ბინის ფული და 500 ლარი ერთჯერადი დახმარება. მაგრამ აქ შეიქმნა პრობლემა, რომ ბევრი არ იყო ჩაწერილი, ზოგს წინაპრისგან არ აქვს დამტკიცებული მიწა და ამის გამო, არიან ისეთ სიტუაციაში, რომ ბევრს ამის გამო თანხა არ გადაუხადეს…
ძალიან რთულ სიტუაციაშია ხალხი, ბევრმა მაღალ სართულზე ვერ იქირავა, რადგან ავადმყოფი ჰყავს, რომელსაც გადაადგილება უჭირს. ამ ეტაპზე არაფერი სერიოზული სამუშაო არ გაწეულა, რაღაც პერიოდი თითქოს ასწორებდნენ გზას, ხემაღალი გამავალი სოფელია და ის უნდა გაგევლო რომ ჩემს სოფლამდე მისულიყავი და ჩვენს ზევით კიდევ სოფლებია.
– ღვერკში რა ხდება?
– ზუსტად იგივე მდგომარეობაა, შვიდი კაცია მხოლოდ დარჩენილი ოთხ ოჯახში, თუმცა იმათ სახლებზეც ბზარები ისევ აღინიშნება. ხემაღალში რამდენიმე მოსახლეა დარჩენილი… ზედა სოფლებს ჰპირდებიან რომ სოფელ ძირულადან შემოუყვანენ გზას.
არარსებულია, რომ ის მასა გაჩერდეს. წარმოიდგინეთ, სოფელს წრე დაარტყა ნაპრალმა, რომელსაც სამ კილომეტრამდე ზოლი აქვს და შუაში მოქცეული ნელ-ნელა მიდის მდინარისკენ.
– მიწის გახსნა როგორ ხდებოდა, მოსახლეობა ამ დროს ხომ იქ ცხოვრობდა?
– ორი დღე თითქოს მიწა გმინავდა, ამას ყველა ვგრძნობდით. იყო ღამეები როცა ხალხს ესმოდა ხმები. ხის სახლი მქონდა და ყოველ 30 წამში ტკაცუნის ხმა იყო.
– რეალურად ორი სოფელი გაქრა.
– ეგ არის ყველაზე გულდასაწყვეტი. ბევრი თაობა მეგობრობდა, ნათესაური კავშირები გვაქვს ერთმანეთთან. ეს ვერანაირი ფულით ვერ ანაზღაურდება. არასოდეს გვიფიქრია სხვაგან ცხოვრებაზე, ერთად ვცხოვრობდით და ვუფრთხილდებოდით ერთმანეთს. როცა ვსაუბრობთ ღირსეულ ანაზღაურებაზე, რა იყო გვევაჭრებითო. რაც არ უნდა გადაგვიხადონ ჩვენ ეს ტკივილი ტკივილად დაგვრჩება. უბრალოდ, თუ მატერიალურად სწორად დალაგდება ყველაფერი საშუალება მოგვეცემა ისევ ერთად დავსახლდეთ ეს ხალხი. იქ წინაპრების საფლავები გვაქვს, არ უნდა ხალხს იქაურობიდან შორს წასვლა. იქ ადგილზე მოჰყავდათ საკვები, საქონელი ჰყავდათ და ამით ირჩენდნენ თავს და ახლა რომ აიძულებენ გავიდნენ და ქირით იყვნენ, ვერ გადარჩებიან. სწირავენ სასიკვდილოდ. კანონში წერია 30 ათასი ლარი ეკომიგრანტებისთვისო. ჩვენ ნაკვეთებიც აღარ გვრჩება. სოფელში არსებული ათი წყაროდან რვა დაიკარგა. სოფელს სკოლაც ჰქონდა, საკმაოდ ძველი, 115 წლის, თუ არ ვცდები, ბავშვები დადიოდნენ, ცოტა მაგრამ მაინც.
– კომპენსაციას ითხოვთ?
– 30 ათას ლარს გვთავაზობდნენ და საუბარი იყო იმაზე რომ ვისაც სხვა სახლი აქვს ან მეწყრისგან დაზიანებული საკუთრებაში არ ჰქონია, იმათ არაფერი. მე იქ ვცხოვრობდი და მერე შევიძინე ბინა თბილისში, თუ რამეს ვშოულობდი, იქ ვაკეთებდი სახლს და იქ ვაპირებდი შემდეგ დაბრუნებას. ახლა თითქოს ლაპარაკი მიდის 50 ათას ლარზე. 35 ათასი დოლარიდან იწყება სახლების ფასი, სადაც შეხვალ და იცხოვრებ, რემონტზე აღარ მაქვს საუბარი. თუ ნორმალურ კომპენსაციას გაიღებენ, შევძლებთ სოფელთან ახლოს დავსახლდეთ, იქ ავიშენოთ სახლები და ისევ ერთად ვიყოთ ეს ხალხი.