„საზღვრამდე მოტანილი პროდუქტი, ქვეყანაში ვერ შემოგვაქვს“ – გაიაფდება თუ არა თხევადი გაზი

აგვისტოში გაძვირებული თხევადი გაზი მცირედით გაიაფდა, თუმცა ძველ მაჩვენებელს მაინც ვერ უახლოვდება. თუ მანამდე პროდუქტის ღირებულება 1 ლარსაც არ აღწევდა, აგვისტოში 1.50 ლარს გაუტოლდა, ამ დროისთვის კი 1.30-1.35 ლარს შეადგენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ ეს რუსეთში ომის გავლენით შექმნილ დეფიციტს უკავშირდება. თუმცა ამავე დროს ვახტანგ იობაშვილი საზღვარზე შექმნილ ბარიერებზეც საუბრობს და ამბობს, ეს ქვეყანაში თხევადი გაზის დეფიციტის დამატებით ქმნის, რაც საბოლოოდ ფასზე ისახება.

„ზოგადად, თვითონ რუსეთშია ნავთობპროდუქტების დეფიციტი. ბევრი ქარხანა მწყობრიდან არის გამოსული, ომის შედეგებიდან გამომდინარე. ამან გარკვეულწილად მოიტანა ის შედეგი, რომელიც გვაქვს. თუმცა, კი ბატონო, მომწოდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიქმნა დეფიციტი, მაგრამ საზღვართან მოტანილი პროდუქტის დროულ გატარებას და მიწოდებას ვერც ჩვენ უზრუნველვყოფთ. ამან საქართველოში დამატებითი დეფიციტი შექმნა. დიდი ხნის განმავლობაში მანქანებს საზღვარზე უწევდათ დგომა, დროულად ვერ ატარებდა საბაჟო სამსახური. ამის შემდეგ, ჩვენ ვისაუბრეთ, პირადად ვიყავი ასული ზემო ლარსზე და იქ რაღაცები უნდა შეცვლილიყო. რუსეთის მხრიდან ძალიან დიდი რაოდენობის ტრანსპორტი დგას რიგში, ეს არის სატრანზიტო მანქანებიც და ჩვენთან მომავალიც. არავინ უნდა ქმნიდეს ქვეყანაში მოგონილ ბარიერებს. ეს არის მოუქნელი მუშაობა, რომლის გამოც შენ ვერ ატარებ ტრანსპორტს. ეს აკლდება ქვეყანას და ქმნის პრობლემას.

მაგალითად, საბაჟოს ტერიტორიაზე თხევადი აირი იწონება, ამოწმებენ ემთხვევა თუ არა მოცულობა საბუთებში გატარებულ მაჩვენებლებს. ეს ლოგიკურიც არის, მაგრამ ამის მერე, როდესაც შემოწმდება და დაემთხვევა ყველაფერი, რაღა საჭიროა ავტომობილის გადაყვანა სადგომზე, სადაც კიდევ დამატებით რამდენიმე დღე უნდა იდგეს?! ამის ბრალია ეს ყველაფერი.

რაც შეეხება ფასს, ქვემოთ წამოვიდა. იყო 1.50 ლარი, ახლა არის 1.30-1.35 ლარი. მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო გაიაფებას ველოდებით, როდესაც ეს პროცედურები დარეგულირდება. უბრალოდ, წინასწარ პროგნოზი რთულია, რადგან რუსეთს მართლა აქვს დეფიციტი, თუმცა ჩვენთვის დამატებითი პრობლემა არის ის, რომ საზღვარზე მოტანილი, ქვეყანაში ვერ შემოგვაქვს“,- ამბობს ვახტანგ იობაშვილი.

კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ თხევადი გაზის ფასი აგვისტომდე არსებულ ღირებულებას დაუბრუნდება, ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, თუმცა წინასწარ გადაჭრით საუბარი რთულია.

„რატომა არა? მაგრამ წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, როდესაც ნავთობპროდუქტებზე ვსაუბრობთ. იმიტომ, რომ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული“,- ამბობს ვახტანგ იობაშვილი.