გასული კვირის პარასკევს იუტის გუბერნატორმა სპენსერ კოქსმა დაადასტურა, რომ 11 სექტემბერს, საღამოს ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული ტაილერ რობინსონის ნათესავი (მამა) დაუკავშირდა ოჯახის მეგობარს (მორმონული ეკლესიის პასტორს), რომელმაც, თავის მხრივ, ვაშინგტონის ოლქის შერიფის ოფისს შეატყობინა, რომ ახალგაზრდა კაცმა “აღიარა ჩადენილი დანაშაული ან მიანიშნა მასზე“. მანამდე აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) გამოაქვეყნა კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით ძებნილი მამაკაცის ფოტო. გავრცელებული ცნობით, მამა სწორედ ფოტოზე ამოიცნო შვილი. ამასთანავე გამომძიებლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ადის მსროლელი ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე კიბეზე თოფით ხელში. სროლის შემდეგ კი, სახურავიდან ხტება და უჩინარდება. გამომძიებლებმა მკვლელობის ადგილის მახლობლად, ტყეში, ქსოვილში გახვეული Mauser-ის შაშხანა იპოვეს.
“გამომძიებლებმა დაკითხეს რობინსონის ოჯახის წევრი, რომლის თქმითაც, უკანასკნელ წლებში ის უფრო პოლიტიზებული გახდა,“ – განაცხადა კოქსმა.
სამართალდამცავი ორგანოების წყაროს ცნობით, FBI ამჟამად სროლის შესაძლო მოტივს ეძებს.
-
რა არის ცნობილი რობინსონების ოჯახზე?
22 წლის ტაილერ რობინსონი, კონსერვატიულ მორმონულ ოჯახში გაიზარდა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, არცერთ დიდ პოლიტიკურ პარტიაში არ იყო დარეგისტრირებული. ბოლო წლებში კი, როგორც ჩანს, მემარცხენე იდეოლოგიით მოიხიბლა.
იუტას გუბერნატორმა სპენსერ კოქსმა The Wall Street Journal-ს უთხრა, რომ “ძალიან ცხადია, ეს ადამიანი გტაცებული იყო მემარცხენე იდეოლოგიით.“
- ცნობისთვის: ვინ არიან მორმონები?
მორმონიზმი – ქრისტიანული დენომინაცია და რელიგიური მიმდინარეობაა, რომელიც გაჩნდა XIX საუკუნის დასაწყისში შეერთებულ შტატებში. მისი დამფუძნებელია ჯოზეფ სმიტი (Joseph Smith, 1805–1844). მორმონები საკუთარ თავს “იესო ქრისტეს უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესიის“ (The Church of Jesus Christ of Latter-day Saints — LDS Church) წევრებად მიიჩნევენ.
მთავარი თავისებურებები:
რწმენა – ისინი ქრისტეს აღიარებენ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია აღდგა მხოლოდ ჯოზეფ სმიტის მეშვეობით;
წმინდა ტექსტები – გარდა ბიბლიისა, მორმონებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მორმონის წიგნი, რომელსაც ისინი იესოს სწავლების გაგრძელებად თვლიან;
ოჯახის როლი – განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოჯახსა და “მარადიულ ქორწინებას“, რომელიც უნდა გაგრძელდეს მარადიულობაში;
მისიონერული საქმიანობა – მორმონები აქტიურად ქადაგებენ მთელ მსოფლიოში. ხშირად ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები რამდენიმე წლით მიდიან მისიონერებად;
მორალური წესები – მათ ეკრძალებათ ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები, ასევე კოფეინი (ყავა, ჩაი);
ჰყავს, დაახლოებით, 17 მილიონამდე მიმდევრი.
მას მერე, რაც მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა გახდა ცნობილი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაილერ რობინსონი ტრანსგენდერ პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მდედრობით სქესზე გადასვლის პროცესში იყო. საჯარო ჩანაწერების თანახმად, 22 წლის ლენს ტვიგსი იმავე მისამართზე ცხოვრობდა, სადაც რობინსონი. ტუიგსის ნათესავმა ინფორმაცია The Post-ს დაუდასტურა, თუმცა ორ მამაკაცს შორის რომანტიკული ურთიერთობის შესახებ არაფერი უთქვამს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მედია აქტიურად წერს, რომ მკაცრი რელიგიური წესებით აღზრდილ ახალგაზრდას მკვეთრი აცდენა ჰქონდა ოჯახის რელიგიურ და პოლიტიკურ შეხედულებებთან.
კოქსის თქმით, ოჯახის ერთ-ერთ ვახშამზე რობინსონს მამასთან კონფლიქტი მოუვიდა კირკის შეხედულებების გამო, რაც მისი მტკიცებით, აჩვენებდა რობინსონის, მემარცხენე მიდრეკილებებს.
ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის სენატორი ტედ კრუზი, ვარაუდობს, რომ მკვლელობის მოტივი შესაძლოა კირკის ანტილგბტქ იდეოლოგია ყოფილიყო.
-
ტაილერ რობინსონი და მისი პარტნიორი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტაილერ რობინსონი ტრანსგენდერ პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა.
აღნიშნული პიროვნება, რომლის სახელიც ოფიციალურად ჯერ არ გახმაურებულა, როგორც ირკვევა, სრულად თანამშრომლობს FBI-სთან გამოძიებასთან კონსერვატორი აქტივისტის მკვლელობის საქმეზე. მათ ურთიერთობაზე პირველად Fox News-ის ჟურნალისტმა ბრუკ სინგმანმა დაწერა.
მედიის თანახმად, რობინსონის პარტნიორი 22 წლის ლანს ტუიგსი იყო. მისმა ნათესავმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, აღნიშნა, რომ ტუიგსი ბავშვობაში “გონიერი ბიჭი” და “კარგი პიანისტი” იყო, რომელიც შემდგომ კომპიუტერულმა თამაშებმა გაიტაცა. ოჯახთან დაძაბული ურთიერთობის გამო კი, 17 წლისა ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. “ის “შავი ცხვარი“ იყო ჩვენი, სენტ-ჯორჯაში (იუტას შტატი) მცხოვრები ოჯახისათვის”, – თქვა მან, თუმცა არ ისურვა გაეცა პასუხი კითხვისთვის, – გადიოდა თუ არა სქესის შეცვლის პროცედურებს, თუმცა დასძინა, – ასეც რომ იყოს, ეს არ გამიკვირდებოდაო…
ნათესავმა ასევე თქვა, რომ იცოდა ტუიგსის პოლიციაში დაკითხვაზე წაყვანის ამბავიც.
წყვილის მეზობლის თქმით, ორი კვირის წინ სახლთან რამდენჯერმე შენიშნეს ადამიანები სხვა შტატის სანომრე ნიშნიანი მანქანებით. “ისინი კარგ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებდნენ”, – განაცხადა მან.
სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ რობინსონის “ტრანსგენდერი შეყვარებული“ გამოძიებასთან თანამშრომლობს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამბობს, რომ რობინსონისთვის კრიკის პოზიციები კატეგორიულად მიუღებელი იყო, თუმცა ამტკიცებს, რომ თავდასხმის თაობაზე არაფერი იოდა.
შეგახსენებთ, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი ოთხშაბათს, იუტას შტატის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ერთი გასროლით მოკლეს.
როგორც თვითგამოცხადებული ევანგელისტი ქრისტიანი, კირკი ეწინააღმდეგებოდა ერთსქესიანთა ქორწინებასა და სქესის შეცვლის ოპერაციებს.