პიტერ სიიარტო: ჩვენი მოვალეობაა უზრუნველვყოთ უნგრეთის ენერგომომარაგება, ამიტომ არ დავთმობთ ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას

რუსულ ენერგეტიკაზე უარის თქმის მოწოდებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

სიიარტო აცხადებს, რომ ქვეყანა ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ვერ დათმობს.

„უნგრეთი ზღვაზე გასასვლელის გარეშეა. ჩვენ არ გვაქვს სანაპირო ზოლი, სადაც თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალი ან ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთ ღამეში შეიძლება აშენდეს. გასაოცარია, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ვერ აცნობიერებს ამ მარტივ ფაქტს: გეოგრაფია განსაზღვრავს, სად შეუძლია თითოეულ ქვეყანას ენერგიის შეძენა. ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ყველა პრეზიდენტს შეუძლია დარწმუნებული იყოს ერთ რამეში: ჩვენი მოვალეობაა უზრუნველვყოთ უნგრეთის ენერგომომარაგება, ამიტომ არ დავთმობთ ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, – დაწერა სიიარტომ.