თურქეთი დიდ საფრთხეს უქმნის კავკასიას – სირიიდან აზერბაიჯანში ტერორისტებს აგზავნის

რამდენიმე ევროპული გამოცემა, მათ შორის, “The Guardian“, იუწყებოდა, რომ სირიის იდლიბის პროვინციაში თურქეთის მხარდაჭერით გამაგრებული ტერორისტები ყარაბაღში საომრად ემზადებიან და მიმდინარეობს მოხალისეების შეგროვება. ეს ინფორმაციები ახლა უკვე BBC-მაც გააჟღერა.

პროთურქ ტერორისტებს, რომლებსაც დასავლელი ჟურნალისტები მოკრძალებით “მებრძოლებს” უწოდებენ, თავად ბრიტანული გამოცემის კორესპონდენტი დაუკავშირდა ინტერნეტის საშუალებით. აქვე აღნიშნულია, რომ ბოევიკის მიერ მონათხრობის გადამოწმება ჯერ ვერ ხერხდება. კერძოდ, BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი სირიელი ბოევიკი ირწმუნება, რომ იდლიბიდან თურქეთის მიერ აზერბაიჯანში გადასროლილია 17-იდან 30 წლამდე ასაკის რამდენიმე ასეული მამაკაცი.

“გასულ კვირას საიფ აბუ ბაქრმა, სირიის ნაციონალური არმიის ხამზას დივიზიის მეთაურმა, შეგვთავაზა, აზერბაიჯანში გამგზავრება სამხედრო პოსტების დასაცავად, თვეში 2 ათასი დოლარის სანაცვლოდ” – ირწმუნება BBC-ის წყარო. იგი ასევე ამტკიცებს, რომ მოხალიხეებმა არ იცოდნენ, რომ ისინი საომრად მიჰყავდათ. ოთხი მათგანი პირველივე ბრძოლაში დაიღუპა და დანარჩენებმა ომში მონაწილეობა აღარ ისურვეს, მაგრამ თითქოს მათ უარს ეუბნებიან სირიაში დაბრუნებაზე და ციხეში ჩასმით ემუქრებიან.

აზერბაიჯანის და თურქეთის ხელისუფლება აქამდე უარჰყოფს სირიიდან ბოევიკების გადასროლას ყარაბაღის ფრონტზე. ერთი მხრივ, აზერბაიჯანის არგუმენტები დამაჯერებელად ჟღერს: აზერბაიჯანის არმიას საკმარისი ცოცხალი ძალა ჰყავს (130 000 კაცი პლუს რეზერვისტები) და რამდენიმე ასეული არამოტივირებული სირიელი მას არ სჭირდება. ეს ასეა, მაგრამ ფაქტები სხვა რამეს მეტყველებენ. ჯერ ერთი, აზერბაიჯანის არმიის მომზადების დონე არ არის იდეალური და აზერბაიჯანელი ჯარისკაცების საბრძოლო გამოცდილება სირიელ ტერორისტებთან შედარებით, მიზერულია; მეორე და მთავარი – არა მხოლოდ შედარებით უწყინარი ახალბედა რეკრუტები ჩამოჰყავთ აზერბაიჯანში, როგორც ამას BBC-ის წყარო ამტკიცებს. იგივე გამოცემა (ზემოთვე მითითებულ ბმულზე) სხვა ბრიტანულ გამოცემებს იშველიებს, რომლებმაც კიდევ სხვა წყაროები მოიპოვეს. ასე მაგალითად, The Times ესაუბრა არა ანონიმ სირიელ ბოევიკს, არამედ სავსებით რეალურსა და სახიფათოს –  მუჰამედ მაჰმუდ ალ-სურანის, იდლიბის პროთურქული ე. წ. “სირიის ნაციონალური არმიის” ტერორისტს. ალ-სურანი ამბობს, რომ დაახლოებით 200 მისი თანამებრძოლი გაემგზავრა ყარაბაღში აზერბაიჯანის მხარეს საბრძოლველად. ამ ღარიბი ხალხის მოტივი უფრო ფულის შოვნაა. თვითონ ალ-სურანი არ წავიდა ომში, რადგან, მისი აზრით, არ ღირს შიიტი აზერბაიჯანელების მხარეს ბრძოლა (სუნიტი ფუნდამენტალისტებისთვის, როგორიც ალ-სურანია, შიიტები მწვალებლებად მიიჩნევიან), სირიაში იგი სწორედ შიიტებს ებრძოდა, ბაშარ ასადის სამთავრობო ჯარების სახით.

დაახლოებით იმავე შინაარსის ინფორმაციები აქვთ მიღებული სააგენტო Reuters-ს “სირიის ნაციონალური არმიის” სხვა ბოევიკებისგან, სირიელი ბოევიკების აზერბაიჯანში გაგზავნაზე ასევე წერს ამერიკელი ექსპერტი ელიზაბეტ ცურკოვი თავის “ტვიტერზე”… ნაკლებ სავარაუდებელია, რომ ყოველივე ეს სომხური დიასპორების მიერ მომზადებული დეზინფორმაცია იყოს, როგორც ამას აზერბაიჯანი ამტკიცებს.

საინტერესოა, რომ ბოლო ათწლეულში ილჰამ ალიევის რელიგიური პოლიტიკა გარკვეულ ტოლერანტობას იჩენდა სუნიტი ფუნდამენტალისტების მიმართ. ალიევს იმდენად ეშინია სამხრეთელი მეზობლის – შიიტური ირანის, რომ მან, ირანულ-შიიტური გავლენის შესასუსტებლად ნება დართო დიდ სუნიტურ სექტას – ე. წ. ვაჰაბიტებს, აზერბაიჯანში თავიანთი რელიგიური მოღვაწეობა გაეშალათ. ალიევი ვარაუდობდა, რომ ასე დაიცავდა ბალანსს შიიტ და სუნიტ რელიგიურ ფუნდამენტალისტებს შორის, წაჰკიდებდა რა მათ ერთმანეთს. ამ რისკიანმა პოლიტიკამ ნაწილობრივ გაამართლა კიდეც, მაგრამ ის თამაში, რასაც ახლა ეწევა ალიევი თავისი “უფროსი ძმის”, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ჩაგონებით, კიდევ უფრო სახიფათო და სარისკოა, ვიდრე ვაჰაბიტების რელიგიური პროპაგანდა. სირიელი ვაჰაბიტი თუ არავაჰაბიტი რადიკალების მოზიდვა აზერბაიჯანში ალიევის ფატალური შეცდომა შეიძლება, აღმოჩნდეს და მან, ყარაბაღის დაბრუნების ნაცვლად, პროთურქულ-ისლამისტური გადატრიალება მიიღოს.

სწორედ ასეთი ფარული ზრახვებით ხელმძღვანელობს ერდოღანი, როდესაც იგი სირიელ ბოევიკებს აქეზებს, ჩავიდნენ აზერბაიჯანში. ამით იგი “ძმურ დახმარებას” უწევს აზერბაიჯანს, სინამდვილეში კი დესტაბილიზაციას აღვივებს კავკასიაში. “კოვიდ 19”-მა იმდენად მძიმე ვითარებაში ჩააგდო რეგიონის, მათ შორის, თურქეთის ეკონომიკა, რომ შესაძლოა, სამხედრო-პოლიტიკური დესტაბილიზაცია უფრო მისაღები აღმოჩნდეს ერდოღანისთვის, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის. ურა-პატრიოტული მოტივები ხომ გარკვეული ხნით გადაფარავს ეკონომიკურ პრობლემებს, განსაკუთრებით, თუკი სამეზობლოში ვითარებას არევ, თავად კი “მხსნელად” მოევლინები “ძმებს”.

თურქეთის უპრეცედენტო გააქტიურებას ყარაბაღის საკითხში ყურადღებას აქცევს გერმანული Der Spiegel-იც. სტატიის ავტორი აღნიშნავს, თურქეთი აზერბაიჯანს თავის განუყოფელ ნაწილად განიხილავს ფორმულით – “ორი სახელმწიფო, ერთი ნაცია”. სტატიაში ციტირებულია ჰ. ბიოლის ფონდის ერთ-ერთი ექსპერტის აზრიც:

“საშინაო პოლიტიკაში პრეზიდენტი ერდოღანი სულ უფრო დიდი წნეხის ქვეშ ექცევა. თურქეთის ეკონომიკა, რამდენიმე თვეა, კრიზისს განიცდის. საერთო-ეროვნული გამოკითხვების თანახმად, ერდოღანს მხარს აღარ უჭერს უმრავლესობა, რომელიც მას 2023 წელს პრეზიდენტად გადარჩევისათვის სჭირდება. აზერბაიჯანის მხარდაჭერით კი მას შეუძლია, თავი გამოიჩინოს კონსერვატულად განწყობილი ამომრჩევლების წინაშე, მით უფრო, რომ სომხეთის თემა თურქეთში უკიდურესად ემოციურად აღიქმება” – სამართლიანად შენიშნავს გერმანელი ექსპერტი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ თუკი სირიიდან აზერბაიჯანში მართლაც მოხდა ბოევიკების გადასროლა (და ეს ასეა, ყველა წყარო ამაზე მიუთითებს), აღნიშნული ქმედება ფიზიკურად შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ საქართველოს საჰაერო ან (და) სახმელეთო კორიდორის გამოყენებით. სავარაუდოდ, ალბათ მაინც უფრო საჰაერო გზით, რადგან სახმელეთო ტრანზიტი უფრო სარისკოა იმ თვალსაზრისით, რომ ინფორმაცია გაჟონავს. თუკი საქართველო არ გაატარებს რუსულ თვითმფრინავებს სომხეთის მიმართულებით, მაშინ იგი ანალოგიურად უნდა მოიქცეს თურქეთის მიმართ და არ უნდა დაუთმოს საჰაერო სივრცე აზერბაიჯანისკენ მიმავალ სამხედრო და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს, თორემ თურქულ-ისლამისტური გავლენის ზრდა აზერბაიჯანში სომხეთზე მეტად საქართველოს უქმნის საფრთხეს. სომხეთს რუსეთი და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ირანი უჭერენ მხარს და თურქებს არ მისცემენ მისი “ჩაყლაპვის” საშუალებას, მაგრამ საქართველოს ვინ დაუდგება გვერდში? ავანტიურისტი ტრამპი? კორუფციონერი ბაიდენი? ლუკაშენკოს მიერ სასაცილოდ აგდებული მაკრონი? ნაგიჟარი ჯონსონი? – ნაკლებ დამაიმედებელი ვარაუდებია!

 

გულბაათ რცხილაძე