რუსმა ჟურნალისტმა ალექსანდრე იუნაშევმა Telegram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ წმენდს ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის ორი თანამშრომელი ჩინეთის დედაქალაქში იმ ოთახს, სადაც კიმ ჩენ ინმა და ვლადიმირ პუტინმა ორსაათიანი შეხვედრა გამართეს. მათ გაწმინდეს სკამის საზურგე და სახელურები, ყავის მაგიდა და წაიღეს ჩრდილოეთ კორეელი დიქტატორის სასმელი ჭიქა.
„მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თანმხლებმა პერსონალმა ფრთხილად წაშალა კიმის ყოფნის ყველა კვალი“, – დაწერა რუსმა ჟურნალისტმა.
მოლაპარაკებების შემდეგ, კიმ ჩენ ინმა და პუტინმა განაგრძეს შეხვედრა ჩაის სმით და თბილად დაემშვიდობნენ ერთმანეთს. როგორც წინა უცხოური მოგზაურობების დროს, კიმმა საკუთარი ტუალეტით იმოგზაურა. პეკინში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების ამასწინანდელ ღონისძიებაზე, იგი ტრადიციულად გაემგზავრა თავისი საფირმო მწვანე მატარებლით. ჩრდილო კორეა ამ ხერხით აღწევს იმას, რომ დაფაროს ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერი ნიშანი, – იტყობინება იაპონური გაზეთი „ნიკეი“, სამხრეთ კორეისა და იაპონიის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერობის ექსპერტმა მაიკლ მადენმა აღნიშნა, რომ ასეთი ზომები მისი მამის, კიმ ჩენ ირის დროიდან მოქმედებს. „სპეციალური ტუალეტი და პარკები ნაგვის ნარჩენებისა და სიგარეტის ნამწვებისთვის არის საჭირო, რათა თავიდან იქნას აცილებული უცხოური დაზვერვის, თუნდაც მეგობრული სახელმწიფოების მხრიდან, ნიმუშების აღება ანალიზისთვის“, – განმარტა მან. ეს კიმის შესახებ ნებისმიერი სამედიცინო ინფორმაციის, მათ შორის თმის ან კანის ნაწილაკების დამალვის საშუალებას იძლევა.
მსგავსი ზომები ადრეც გამოიყენებოდა. მაგალითად, 2019 წელს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ჰანოის სამიტის შემდეგ, კიმის დაცვის თანამშრომლებმა მისი სასტუმროს ნომრის იატაკი დაბლოკეს და საათობით ალაგებდნენ ოთახს, ლეიბიც კი წაიღეს. მისი გუნდი ასევე საფუძვლიანად ასუფთავებს ნივთებს, სანამ კიმი გამოიყენებს მათ.
2018 წელს სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინთან შეხვედრის დროს, კიმის დაცვის თანამშრომლებმა, გამოყენებამდე, სკამსა და მაგიდას დეზინფექცია გაუკეთეს. პუტინთან 2023 წელს კიდევ ერთი სამიტის წინ, დაცვის თანამშრომლებმა სკამი სადეზინფექციო საშუალებით გაწმინდეს და უსაფრთხოების შემოწმება ჩაატარეს, მათ შორის მეტალოდეტექტორით.