ცენტრალურმა ბანკებმა წელს ოქროს რეზერვები 123 ტონით გაზარდეს – რომელი ქვეყნის ბანკებმა გაყიდეს ძვირფასი ლითონი

World Gold Council-ის ანგარიშის თანახმად, ივლისში ყაზახეთის ეროვნულმა ბანკმა 3 ტონა ოქრო იყიდა, ხოლო თურქეთის, ჩინეთისა და ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 2-2 ტონის მოცულობით შეავსეს.

ამასთანავე, ივლისში უგანდის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ მომდევნო ორიდან სამ წლის პერიოდში შიდა ოქროს შესყიდვების საპილოტე პროექტს განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი უგანდამ ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში დააანონსა.

რაც შეეხება მთლიან მონაცემებს, ჯამურად წელს იანვარ-ივლისში ცენტრალური ბანკების რეზერვები 123 ტონა ოქროთი გაიზარდა. თვეების მიხედვით კი მონაცემები ასეთია:

  • იანვარი – 18 ტონა;
  • თებერვალი – 24 ტონა;
  • მარტი – 17 ტონა;
  • აპრილი – 12 ტონა;
  • მაისი – 20 ტონა;
  • ივნისი – 22 ტონა;
  • ივლისი – 10 ტონა.

წლის განმავლობაში ოქროს ყველაზე მსხვილ შემსყიდველად კვლავაც პოლონეთის ცენტრალური ბანკი რჩება, რომელმაც წელს ოქროს რეზერვები 67 ტონით შეავსო. მას კი მოსდევდა აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი და თურქეთი.

ამასთანავე, შვიდ თვეში ყველაზე მეტი რაოდენობის ძვირფასი ლითონი გაყიდა უზბეკეთის ცენტრალურმა ბანკმა, მას კი მოსდევდა სინგაპური, რუსეთი და გერმანია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, 10 ქვეყანას, რომლის ცენტრალურ ბანკსაც ბოლო მდგომარეობით, ყველაზე მეტი ოქროს რეზერვი აქვს:

  • ამერიკის შეერთებული შტატები – 8 133 ტონა;
  • გერმანია – 3 350 ტონა;
  • იტალია – 2 452 ტონა;
  • საფრანგეთი – 2 437 ტონა;
  • რუსეთი – 2 330 ტონა;
  • ჩინეთი – 2 299 ტონა;
  • შვეიცარია – 1 040 ტონა;
  • ინდოეთი – 880 ტონა;
  • იაპონია – 846 ტონა;
  • თურქეთი – 635 ტონა.

რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული ბანკის საბჭომ 2024 წლის 1-ელ მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, სებ-მა 332.152 მლნ დოლარის ღირებულების 7 ტონა, უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო იყიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებს ოქრო მიამატა.

2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სარეზერვო ოქროს ღირებულება 786.9 მლნ დოლარს შეადგენს. ამავე პერიოდისთვის ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 5.204 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთლიანი რეზერვების 15%-ს ოქრო შეადგენს.