სლოვაკეთმა ქვეყანაში გამართულ ანტისამთავრობო აქციებში ჩეხი მინისტრის მონაწილეობის გამო პროტესტი გამოთქვა

ჩეხური მედიის ცნობით, ჩეხეთში სლოვაკეთის ელჩმა, მარტინ მურანსკიმ ჩეხეთის საგარეო უწყებაში პროტესტი გამოთქვა სლოვაკეთში გამართულ ანტისამთავრობო აქციებში ჩეხეთის ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიტ რაკუშანის მონაწილეობის გამო.

საპროტესტო ნოტაში ბრატისლავა პრაღას სლოვაკეთის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

„ასეთი ქმედებები არ უწყობს ხელს ჩეხეთისა და სლოვაკეთის კონსტრუქციულ დიალოგს, არამედ პირიქით, ჩვენ მას აღვიქვამთ ჩეხეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩადენილ დარღვევად“, – ნათქვამია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იურაი ბლანარის გზავნილში, რომელიც ჩეხეთში სლოვაკეთის ელჩმა საგარეო უწყებას გადასცა.

საპასუხოდ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სლოვაკეთში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე პირადი ინიციატივით იმყოფებოდა.

თავად რაკუშანი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ არ ჩარეულა სლოვაკეთის შიდა საქმეებში. მისივე თქმით, წარსულში ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდერი ბაბიში მონაწილეობდა სლოვაკეთის მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში და ასევე, ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი მილოშ ზემანი რეგულარულად უჭერდა მხარს სლოვაკეთის მმართველ კოალიციაში შემავალ პარტია „სმერს“ და მაშინ ბრატისლავას პროტესტი არ გამოუთქვამს.

ცნობისთვის, მედიამ ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი 17 სექტემბერს ბრატისლავაში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე დააფიქსირა. ვიტ რაკუშანს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: „ჩვენ თქვენთან ვართ“.

აღნიშნული აქციის მონაწილეები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებდნენ. მათი უკმაყოფილება ასევე უკავშირდებოდა ფიცოს ვიზიტს ჩინეთში, სადაც ის ვლადიმერ პუტინს შეხვდა.