რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა ბალტიის ზღვაში მდებარე პოლონურ ჭაბურღილს დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„ორმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ბალტიის ზღვაში მდებარე პოლონეთის კუთვნილ ჭაბურღილს Petrobaltic-ს დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინეს. დარღვეული იყო პლატფორმის უსაფრთხოების ზონა. მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა პოლონეთის შეიარაღებულ ძალებსა და სხვა სამსახურებს“, – წერს პოლონეთის სასაზღვრო სამსახური Х-ში.
ინციდენტის დროს პოლონეთის ეკონომიკური ზონა იყო დარღვეული. სახელმწიფო საზღვარი რუსულ თვითმფრინავებს არ დაურღვევიათ. Petrobaltic საზღვაო ჭაბურღილის პლატფორმაა, რომელიც პოლონურ ენერგეტიკულ კონცერნს, Orlen-ს ეკუთვნის. ის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაზე მუშაობს.
ინციდენტი მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც მანამდე სამმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ეს ინციდენტი ვაინდლოოს კუნძულის მახლობლად მოხდა. რუსული თვითმფრინავები ესტონეთის საჰაერო სივრცეში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ავიაგამანადგურებლები კარელიიდან კალინინგრადის ოლქში მიფრინავდნენ და მათი მარშრუტი „საერთაშორისო წესების შესაბამისად მიმდინარეობდა“. უწყება უარყოფს ინფორმაციას, რომ თვითმფრინავებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავები კუნძულ ვაინდლოოს 3 კმ-ის დაშორებით, ნეიტრალური წყლების თავზე მიფრინავდნენ.