პროკურატურამ საზოგადოებისთვის ერთი უცნობი კაცი “აზერბაიჯანიდან უკანონოდ შემოტანილი 59 მილიარდი რუსული რუბლის” კონვერტაციის გამო როცა დააკავა, საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა.
ვესაუბრებით “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელ გიორგი კეპულაძესა და ეკონომიკის დოქტორს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ ჭარაიას.
“ჩვენი მშპ-ის 2% გათეთრდა, და მერე სად წავიდა ეს ფული, კაცმა არ იცის”გიორგი კეპულაძე: – კითხვა ბევრია. ჯერ ერთი, ვინ მფარველობდა ამ სქემას, რადგან ამხელა ოპერაცია საქართველოში, სადაც ფაქტობრივად ყველა, განსაკუთრებით მსხვილი ტრანზაქცია კონტროლდება და სექტორს არაერთი რეგულატორი ჰყავს, წარმოუდგენელია ეს გამოჰპარვოდა მრავალ სახელმწიფო უწყებას, რომელთაც ტერორიზმსა და ფულის გათეთრებასთან ბრძოლა ეხება, მით უმეტეს, ამდენი ხნის განმავლობაში და ასეთი მსხვილი თანხა. ამიტომაც პირველი კითხვაა, ვინ მფარველობდა და სადამდე გაფართოვდება დამნაშავეთა წრე. როგორ წარმოგვიდგენია, რომ ერთ პირს ადამიანი-ორკესტრივით თვითონ შემოჰქონდა, თვითონვე ახურდავებდა და თვითონვე ათეთრებდა? ცხადია, ამის არავის სჯერა. შესაბამისად, ვიდრე ეს კითხვები არის, გაგვიჭირდება ვენდოთ პროკურატურის მშრალ განცხადებას. ირკვევა, რომ ერთი წელიწადია ძიებაშია და ეროვნულ ბანკს ხომ მაინც უნდა დაეჯარიმებინა? ისეთი სერიოზული დარღვევა აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა ჩაერთვნენ და ეროვნულმა ბანკმა არაფერი იცოდა? კითხვა ბევრია და ამ პასუხგაუცემელი კითხვებით თავად უფრო აღრმავებენ უნდობლობას. გვეუბნებიან, ერთი კაცი აკეთებდა ამ ყველაფერსო, და ვერავინ გაიგო, რომ ჩვენი მშპ-ის 2% გათეთრდა, და მერე სად წავიდა ეს ფული, კაცმა არ იცის.
– საქმის აღძვრა ფულის გათეთრებაზე მაშინ, როდესაც სხვა მძიმე დანაშაულებიც იკვეთება, რაზე მიანიშნებს? რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, მით უმეტეს, თუ გამოძიება წელიწადია მიმდინარეობს?
– ფულის გათეთრება მძიმე დანაშაულია და არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით. რაც მთავარია, ფულის გათეთრება, როგორც წესი, სხვა დანაშაულების შემადგენელია. რა ტიპის ფული თეთრდება, ძალიან კარგად ვხვდებით – ეს არის ან კრიმინალიდან მოპოვებული, ან სხვა არალეგალური გზებით. ამიტომაც ცხადია, მხოლოდ ფულის გათეთრებასთან არა გვაქვს საქმე. 59 მილიარდი რუბლი ყველაზე მსხვილი კუპიურებითაც რომ წარმოვიდგინოთ, საოცრად დიდი ოდენობაა. გასაგებია, რომ ერთიანად არ შემოსულა, მაგრამ ამხელა ოდენობის ამ ხნის განმავლობაში ასე უპრობლემოდ შემოტანა ხომ ნიშნავს, რომ რაღაც ფარღალალა სივრცე გვაქვს, სადაც შეიძლება ოპოზიციური პარტიის წევრი ან კრიტიკულად განწყობილი რიგითი მოქალაქე თუნდაც 10 ათასი დოლარის არადეკლარირების გამო გააჩერონ და თანხა გაუყინონ, მეორე მხრივ კი მილიარდობით რუბლი შეიძლება ისე შემოდიოდეს ქვეყანაში საბაჟოს გავლით, რომ ამის შესახებ სამი წლის შემდეგ ვიგებდეთ. ბევრი ითქვა და გავიმეორებ – თუ გვინდა, ვიყოთ ქვეყანა, რომელიც რუსეთის უკანა ეზოა და მისი ფულის გათეთრებისთვის, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლისთვის მუშაობს, მაშინ კი, რა პრობლემაა, მაგრამ გვინდა ეს?
ამის გამოვლენას თუ გამოძიებას ამდენი დრო რომ დასჭირდა, მიგვანიშნებს, რომ სავარაუდოდ, საქმე გვაქვს “ქართული ოცნების” შიდა დაპირისპირებასთან. პრემიერ-მინისტრი თავად ამბობს, რომ მათი გუნდის ყოფილი წევრები თურმე რაღაც საბოტაჟს აწყობდნენ. შესაბამისად, ამ სქემას, სავარაუდოდ, ჰყავდა გავლენიანი მფარველი, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში შესუსტდა, რასაც ახლა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა. ვიღაც ამბობდა, მერე რა მოხდა, ფული ხომ შემოვიდა და რა მნიშვნელობა აქვს, შავია თუ ყვითელიო, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვხვდებოდეთ, რომ შავი ფულით გამდიდრებული ქვეყნები არ არსებობენ. კლანები, ნარკოკარტელები, მაფიოზური დაჯგუფებები, რა თქმა უნდა, მდიდრდებიან შავი ფულით, მაგრამ ქვეყანა და საზოგადოება – ვერა. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ეს ქეისი ნარკოკარტელებს უკავშირდება, მაგრამ თავისთავად რუსული ფული რომ შემოდის, ეჭვით ვუყურებ. ამასთან, როდესაც შავ ფულზეა ლაპარაკი, იქ ტერორისტული საფრთხეც ხომ ჩნდება?
– სამ წელიწადში 60 მილიარდამდე არალეგალური რუბლის გადახურდავება რამდენად არის ისე შესაძლებელი, რომ ქართულ ფინანსურ ბაზარზე გავლენა არ მოეხდინა? ან თუ გამოჩნდა ეს გავლენები და ძნელი იყო ამის თავის დროზე გამოვლენა?
– 2022 წლიდან ლარის იმდენი გამყარება და გაუფასურება მოხდა, რომ კაცმა არ იცის, როდის რამ მოახდინა გავლენა. როგორც წესი, სტატისტიკურ მონაცემებს გვიან ვიგებთ და ამიტომ ახლა ამაზე მსჯელობა რთულია. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ 2023 წელს თითქმის 1,9 მილიარდი დოლარი გავიდა ნაღდი ფულის სახით მხოლოდ თბილისის აეროპორტიდან, ხოლო სახმელეთო საზღვრებზე რა ხდება, ამის წარმოდგენაც არ მინდა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გვითხრეს, რომ თითქმის 60 მილიარდი რუბლი სწორედ ამ გზით შემოვიდა ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. წარმოიდგინეთ, რომელიღაც ინვესტორს რომ ელაპარაკება ქართველი ბიზნესმენი და ის ამ დროს ნახავს, რომ ქვეყანაში მშპ-ის 2% გათეთრდა, თან ეს რაც გახმაურდა, თორემ კიდევ რამდენი შავი ფული ტრიალებს, კაცმა არ იცის.
– ერთი გადამცვლელი პუნქტი ტექნიკურად რამდენად შეძლებდა ამდენი თანხის გადახურდავებას თუ გათეთრებას. რა შანსია, რომ სულაც მოგონილი იყოს? მით უმეტეს, ბაზარზე არსებითი რყევები არ ყოფილა.
– არაფერია გამორიცხული. სამწუხაროდ, ჩვენ რაღაც ნახევრად მაფიოზურ ქვეყნად ჩამოვყალიბდით, სადაც რთულად ასახსნელი რაღაცები ხდება. შესაძლოა ამ შიდა დაპირისპირების გამო მართლა გააბუქა პროკურატურამ, მაგრამ მერე ის კითხვა ჩნდება, რომ ეს ხომ უკვე “ქართული ოცნებისთვის” არ არის კარგი. ასე რომ, ძალიან ბევრი კითხვაა, რომელთაც პასუხები სჭირდება და რაც უფრო გვიან გაეცემა, მით უფრო მეტი ჭორის თუ შეთქმულების თეორიის საფუძველი შეიძლება გახდეს.
“კრიმინალურია თუ არა ფული, ის ეკონომიკას ამუშავებს”
ვახტანგ ჭარაია: – ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ის, რომ შსს-მ, სასამართლომ და სხვა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გამოავლინონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ, თუ ფული არაკეთილსინდისიერი გზით ხვდება ბაზარზე, მაგრამ მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, ფინანსური აქტიურობა იქნება კანონიერი და კეთილსინდისიერი თუ არაკანონიერი და არაკეთილსინდისიერი, ამ გზით ნაშოვნი ფული მაინც ამუშავებს ეკონომიკას. თუ ვიღაც ამ ფულით, რომელიც არაკანონიერი გზით არის შემოსული, იყიდის რაღაც ქონებას, ამუშავებს ამ ბაზარს, ეს არის წმინდა ეკონომიკის პრინციპი. არიან ქვეყნები, რომლებიც ღიადაც კი არ ერიდებიან კრიმინალური ფულის მიღებას. მაგალითად, სხვადასხვა ოფშორი იმით არის ცნობილი, რომ ფულის წარმომავლობას არავინ არკვევს. შესაძლოა სრულიად კრიმინალური გზით ნაშოვნი ფული ოფშორში გათეთრდეს და ოფშორებს ეს არ უქმნის ხოლმე პრობლემას, რომ ასეთი ფული მიიღონ. ბევრი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც აქტიურად ცდილობს გამოავლინოს კრიმინალური ფული და გამიჯნოს არაკრიმინალურისგან, რათა მაქსიმალურად სამართლიანი იყოს ბიზნესი. არსებობს მექანიზმები, რომ გადამოწმდეს ფულის წარმომავლობა. მაგალითად, ზოგ ქვეყნებში ბანკში ფულის განთავსებისას, თუ ადამიანის წინაისტორია არ იყო შესაბამისი ან მას არა აქვს ისეთი შემოსავლის წყარო, რომელიც ამ თანხის კანონიერების დამადასტურებელი იქნება, შესაძლოა მას ბანკში ანგარიშიც კი არ გაახსნევინონ. ასეთი მექანიზმები მთელ მსოფლიოში მუშაობს და მათ შორის საქართველოშიც. ცხადია, ეს მექანიზმები უნდა არსებობდეს, მაგრამ ისევ იმას ვუსვამ ხაზს, რომ საბოლოო ჯამში, კრიმინალურია თუ არა ფული, ის ეკონომიკას ამუშავებს.
– ამდენი რუსული რუბლის უკანონოდ შემოსვლა, წესით, მოთხოვნას გაზრდიდა არა იმდენად ლარზე, რამდენადაც ევროსა და დოლარზე. ეს ჩვენი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე როგორ აისახებოდა?
– ამ კონკრეტულ ქეისზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ თუ საუბარია უცხოური ვალუტის შემოსვლაზე, ისინი ადგილობრივ ეკონომიკაში გარკვეულ აქტივობას ახორციელებენ. ცხადია, ევრო და დოლარი სასურველი ვალუტებია, ხოლო რუსული რუბლი შესაძლოა რისკფაქტორების მატარებელი იყოს, თუნდაც იმ გაგებით, რომ შეიძლება ქვეყანაში დიდი ოდენობით რუსული რუბლის შემოდინებამ გამოიწვიოს სხვა უცხოური ვალუტის, მაგალითად, დოლარის და ევროს დიდი ოდენობით ქვეყნიდან გადინება. თუმცა გააჩნია თანხას, რა მოცულობაზეა საუბარი. შესაძლოა ჩვენი ეკონომიკა იტანდეს გარკვეული “ტრანშის” გადახურდავებას და თუნდაც ევროსა და დოლარის ქვეყნიდან გასვლას. თანხის დასახელება, კონკრეტულად რა მოცულობის რუბლის შემოდინება შეიძლება იყოს უმტკივნეულო, რომ გადახურდავდეს და შემდგომ ქვეყნიდან დოლარი და ევრო გავიდეს, კვლევას საჭიროებს. თუმცა, თუ ეს რუბლი გაიწოვა ქართულმა ეკონომიკამ და მოხდა მისი გადამისამართება რუსეთში, მაგალითად, ბიზნესოპერატორებს სჭირდებოდათ რუბლი რუსულ ბაზარზე ოპერირებისთვის, ასეთ შემთხვევაში რუბლი უბრუნდება რუსეთს და იქიდან ჩამოდის საქონელი, რომელიც იყიდება და აგენერირებს ეკონომიკას. სათანადო კვლევა სჭირდება იმის დამტკიცებას ან უარყოფას, რომ დიდი ოდენობით რუსული რუბლის შემოდინება საქართველოში შესაძლოა სარისკო იყოს ქართული ლარისთვის ან მისი სტრატეგიული რეზერვებისთვის დოლარში. ბოლო პერიოდში ქართული ლარი საკმაოდ სტაბილური ვალუტაა. ამიტომ რუბლის შემოტანის ამ კონკრეტულ ოპერაციაზე ვერ ვიტყოდი, რომ ლარზე რამე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. ცხადია, კონკრეტული ქეისი ცალკე განხილვის საგანი უნდა იყოს, მაგრამ ვიმეორებ, ფართო ჭრილში ლარის სტაბილურობა დღეს ეჭვქვეშ არ დგას.
– ეროვნულმა ბანკმა თქვა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს. ამ სიტუაციაში, როდესაც საზოგადოებაში ამდენი კითხვაა, ეროვნული ბანკის ეს განცხადება საკმარისია?
– ეროვნულმა ბანკმა რომ დაიწყოს გამოძიება და დასკვნების დადება სხვა კომპეტენტური ორგანიზაციების მაგივრად, უფრო გასაკვირი იქნებოდა. თუ ის ამბობს, რომ თანამშრომლობს და არ უარყოფს ჩართულობას გამოძიების პროცესში, ყველაზე ოპტიმალური განცხადებაა. განაგრძეთ კითხვა