რუსეთის საგარეო დაზვერვაში აცხადებენ, რომ ნატო დნესტრისპირეთის დასაშინებლად ოდესის რეგიონში ძალების განლაგებისთვის ემზადება

ნატო დნესტრისპირეთის დასაშინებლად ოდესის რეგიონში ძალების განლაგებისთვის ემზადება, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ევროკავშირს მტკიცედ არის გადაწყვეტილი მოლდოვის ოკუპაცია მოახდინოს. რაც რუსოფობიური პოლიტიკის ფარგლებში ხდება.

„ისინი ამის გაკეთებას ნებისმიერ ფასად გეგმავენ, მათ შორის ჯარების შეყვანას და ქვეყნის ფაქტობრივ ოკუპაციას. ამ ეტაპზე, რუმინეთში, მოლდოვის საზღვრებთან ახლოს, ნატო-ს ქვეყნების შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია მიმდინარეობს. უკრაინის ოდესის რეგიონში დნესტრისპირეთის დასაშინებლად ნატო-ს „დესანტი“ მზადდება. არსებული ინფორმაციით, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების პირველი ჯგუფი უკვე ჩავიდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.