“მიუხედავად მრავალჯერადი დაპირებისა, საქართველოში გემთსაშენი საწარმოს აღდგენა აუხდენელ დაპირებად დარჩა”

“მიუხედავად მრავალჯერადი დაპირებისა, საქართველოში გემთსაშენი საწარმოს აღდგენა აუხდენელ დაპირებად დარჩა”, – ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ წერს.

როგორც TCRC-ს მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული, ამის პარალელურად მეზობელი აზერბაიჯანის მიერ კასპიის ზღვაზე კონტეინერმზიდი გემების დამატება, შუა დერეფნის როგორც “ვიწრო” ადგილის დებლოკირებისკენ, ასევე ადგილობრივი სამრეწველო სიმძლავრეების – გემთსაშენი ქარხნის სრული დატვირთვით ამოქმედებისკენაა მიმართული.

როგორც ცნობილია, ახლახან ბაქოს გემთსაშენი ქარხნის (Baku Shipyard) სახელით, აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ჰოლდინგსა (AZCON Holding) და ემირატების Abu Dhabi Ports Company-ს (AD Ports Group) შორის ხელი მოეწერა კასპიის ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებისათვის ორი 780 TEU ტევადობის კონტეინერმზიდი გემის წარმოებისა და გაყიდვის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმებით გათვალისწინებულია, რომ ბაქოს გემთსაშენ ქარხანაში ორი კონტეინერმზიდი გემის სამშენებლო სამუშაოები 2028 წელს დასრულდეს.

როგორც „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის“ ცენტრი აღნიშნავს, ამჟამად ბაქოს გემთმშენებელ ქარხანას 292 მლნ დოლარის ღირებულების 14 გემის მშენებლობის შეკვეთა აქვს. ამასთან, დღემდე ბაქოს გემთმშენებელმა ქარხანამ 628 მლნ დოლარის ღირებულების 12 გემი ააგო. გარდა ამისა, ქარხანაში შეკეთდა 200-ზე მეტი გემი, რომლებიც როგორც აზერბაიჯანს, ასევე კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს ეკუთვნოდა.

„ამასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ASCO-სთან ორი მშრალი ტვირთმზიდი გემის მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე განიხილება რამდენიმე ქვეყანასთან ხუთი ტანკერისა და ორი მშრალი ტვირთმზიდი გემის მშენებლობა.

პარალელურად, ბაქოს გემთმშენებელი ქარხანა თურქმენეთისთვის საჩუქრად გადასაცემ 8 000-ტონიანი ნავთობტანკერის წარმოებას შეუდგა.

კასპიის ზღვის არეალის ქვეყნები – ყაზახეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი – სულ უფრო ინტენსიურად ავსებენ საკუთარ საზღვაო სავაჭრო ფლოტს ახალი გემებით. საგულისხმოა, რომ სამივე სახელმწიფოს საკუთარი გემთმშენებლობისა და გემთსარემონტო სიმძლავრეები გააჩნიათ.

ფაქტობრივად, სამივე ქვეყანა საკუთარ ფლოტს საკუთარ გემთსაშენ ქარხნებში აწარმოებს, საქართველოში კი, მიუხედავად მრავალჯერადი დაპირებისა, გემთსაშენი საწარმოს აღდგენა აუხდენელ დაპირებად დარჩა“,- აღნიშნავს TCRC.

ცნობისთვის, 2019 წლის იანვარში დავოსში გამართულ შეხვედრის შემდგომ, საქართველოს ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხად, რომ ნიდერლანდების ერთ-ერთი უმსხვილესი გემთმშენებელი კონცერნი DAMEN ი დიდ ინტერესს გამოხატავდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე გემთმშენებელი და გემების სარემონტო საამქროების გახსნასთან დაკავშირებით. მაშინდელ სამთავრო დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მენეჯმენტის დონეზე ოფიციალური ვიზიტებიც მოჰყვა, თუმცა, პროცესი ადგილიდან არ დაძრულა.