ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა – სავარაუდო ღირებულება 3.8 მლნ ლარს აჭარბებს

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის – ფილარმონიის შენობის სრული რეაბილიტაციის დეტალური პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 852 427 ლარია.

ფონდის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია შენობის სრული რეაბილიტაცია, მისი ადაპტაცია თანამედროვე მოთხოვნებთან, საინჟინრო სისტემების ინტეგრაცია და ფუნქციური განახლება ისე, რომ შენარჩუნდეს და აღდგეს ფილარმონიის თავდაპირველი არქიტექტურული სახე.

„პროექტირების პროცესი აერთიანებს რამდენიმე ეტაპიან სამუშაოებს, მათ შორის, უნდა ჩატარდეს კვლევითი და ესკიზური სამუშაოები, შემუშავდეს ძეგლის დეტალური სარეაბილიტაციო პროექტი და მომზადდეს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შეიქმნას შენობის ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის გზამკვლევი; პროექტის მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ასევე, ავტორის ზედამხედველობა.

ფილარმონიის რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია: შენობის სასცენო დანადგარების კონსტრუქციის ექსპერტიზა და ადაპტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებთან; არსებული კომუნიკაციების დემონტაჟი და ჩანაცვლება მსუბუქი, ენერგოეფექტური სისტემებით; შენობის გეგმარების შეცვლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, არტისტების ოთახების განახლება, ლიფტების მოდერნიზაცია და უსაფრთხოების სისტემების დანერგვა.

გარდა ამისა, დაგეგმილია ფილარმონიის სრული ადაპტაცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის; შენობის ფასადის, სახურავის, სხვენის და სცენის კონსტრუქციული გამაგრება და რესტავრაცია; აკუსტიკური სისტემების მოწყობა და დარბაზის ფუნქციური გაუმჯობესება; დეკორაციების ოთახისა და ტექნიკური სივრცეების მოდერნიზაცია; წყალმომარაგების, წყალარინების, გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემების სრული განახლება.

პროექტის დასრულების შემდეგ, ფილარმონია კვლავ გახდება მრავალფუნქციური კულტურული სივრცე, რომელიც უმასპინძლებს მასშტაბურ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებს“, – აცხადებს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

ინფორმაციისთვის, ტენდერში წინადადებების მიღება 5 ნოემბერს იწყება და 10 ნოემბერს სრულდება. პროექტირების ვადები კი, ტექნიკური დავალების მიხედვით, 9 თვეზეა გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი წლების განმავლობაში კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. თუმცა 2024 წლის აგვისტოში მთავრობის განკარგულებით სამინისტროს მართვის უფლება ჩამოერთვა და მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა. მანამდე კულტურის სამინისტროს ჩამოერთვა „ბლექ სი არენას“ მართვის უფლებაც და მთავრობას გადაეცა.

შედეგად მოხდა „ბლექ სი არენას“ და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის ორგანიზაციული შერწყმა, რომელსაც ამ დროისთვის შპს სთარინგ ჯორჯია ახორციელებს. ამ უკანასკნელის 100%-იანი წილის მფლობელი კი სახელმწიფოა.

ცნობისათვის, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი 1971 წელს გაიხსნა.